„ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთსა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას გამოეხმაურა.
როგორც საგანგებო ბრიფინგზე უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, მოსალოდნელ ანექსიიასთან დასაპირისპირებლად ხელისუფლებამ რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადადგას.
„მიუხედავად საფრთხისა საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა და მოუმზადებელი შეხვდა ამ დღეს. მიგვაჩნია, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომლითაც დაუპირისპირდებით რუსეთის ანექსიას. ამ ნაბიჯებს შორის არის ჩვენს მიერ პარლამენტში ინიცირებული რეზოლუციის პროექტი, სადაც კონკრეტული პოლიტიკაა გაწერილი ანექსიის საწინააღმდეგოდ.
ამ პოლიტიკიდან სამ ძირითად ელემენტს ჩამოვთვლი:
პირველი, საქართველო აუცილებლად უნდა მიუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს და იმუშაოს იმაზე, რომ ამ სანქციების მიზეზებს შორის მოხვდეს საქართველოს ანექსიას. მეორე, დაუყოვნებლივ მოვითხოვოთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა, სადაც ანექსიის საკითხი იქნება განხილული, ავამოქმედოთ ყველა სხვა ბერკეტი საერთაშორისო თანამეგობრობაში, მომზადდეს სარჩელები საერთაშორისო სასამართლოებში და მესამე, გაუქმდეს აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რადგან რუსეთთან ჩვეულებრივ რეჟიმში ურთიერთობის გაგრძელება ნიშნავს იმას, რომ ვეგუებით აფხაზეთის ანექსირებას. ჩვენ ველით საქართველოს პარლამენტისგან მიმდინარე კვირაში პლენარულ სხდომაზე აღნიშნული რეზოლუცია მიღებული იქნება“, - განაცხადა ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






