თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას თქმით, პასუხისმგებლობა მოუწევს ყველა იმ პირს, ვინც ე.წ. კაბალების საქმეზე, - "ეს მზაკვრული გეგმა მოიფიქრა".
ამის შესახებ ალასანია გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ალასანიას თქმით, ეს არის მიზანმიმართული ჩანაფიქრი მასზე იერიშის მისატანად.
„პოლიტიკის კეთება ტალახის სროლითა და სხვადასხვა უმსგავსო ნაბიჯით, წარსულს უნდა ჩავაბაროთ. მე დავინახე მიზანმიმართული ჩანაფიქრი და იერიშის მოტანა ჩვენზე. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანების უდანაშაულობაში. რატომ გახდა აუცილებელი მათი წინასწარ პატიმრობაში დატოვება, როდესაც არსად გაქცევას არ აპირებდნენ? რატომ წაუყენეს ბრალი მაინცდამაინც იმ დღეს, როდესაც მე უმნიშვნელოვანესი ვიზიტით ვიყავი საფრანგეთში და ხელს ვაწერდი შეთანხმებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე? სწორედ ახლა რატომ წამოსწიეს წინ ჯარისკაცების კვებაზე ჩემ მიერვე გადაგზავნილი საქმე? მე გამოძიების წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით, გამოძიება უნდა ჩატარდეს და გაირკვეს თეთრი და შავი. დარწმუნებული ვარ, პასუხისმგებლობა მოუწევთ თავად იმ პირებს, ვინც ეს მზაკვრული გეგმა მოიფიქრეს", - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები






