თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გადაცემა ”რეაქციის” ეთერში, კოდორში 2006 წელს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ყოფილი მინისტრის თქმით არცერთი ნორმალური ქვეყანა არ დაუშვებს, რომ ქვეყანაში არსებობდეს შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც არ ემორჩილება ცენტრალურ ხელისუფლებას. ამასთანავე შაშკინის აზრით ამ მოვლენების განხილვის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია რუსეთის ფაქტორიც.
”ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ არსებობს ორი მოცემულობა, რომელიც იყო 2006 წელს და რომელიც არის ახლაც 2014 წელს. პირველი მოცემულობა არის ის, რომ თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ნორმალური ქვეყანა, არ შეიძლება არსებობდეს შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც არ ემორჩილება ცენტრალურ ხელისუფლებას და არ შეიძლება იყოს პარალელური თვითმმართველობის ორგანოები.
მეორე მოცემულობა არის ის, რომ ჩვენი ტერიტორიების 20 % არის ოკუპირებული იმ ქვეყნის მიერ, რომელიც ახლაც და მაშინაც იმუქრება ჩვენი ქვეყნის გახლეჩვით. ამ ქვეყანას აქვს ძალიან მარტივი ილეთები ათვისებული. ის არ გამოირჩევა ნიჭით და რაღაც ექსპრომტებით, დაახლოებით ხუთი ილეთი აქვს პლუს-მინუს ერთი.
ერთ-ერთი ილეთი არის ის, რომ ან თვითონ ქმნის, ან ხელს უწყობს შეიარაღებულ დაჯგუფებას იმ ტერიტორიაზე, რომელიც მას აინტერესებს, მეორე ეხმარება ფულით და იარაღით, მესამე შეჰყავს თავისი რეგულარული ჯარი ზოგჯერ ფარულად, ზოგჯერ ღიად. მეოთხე ახდენს ოკუპაცია-ანექსიას, ან ანექსიას იმისდა მიხედვით, როგორ ჭირდება.
ემზარ კვიციანის შემთხვევაში საქმე გვქონდა პირველ და მეორე მოცემულობასთან.
ნორმალური სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რომ ქვეყანაში იყოს ალტერნატიული თვითმართველობის ორგანოები .
მაგალითად რუსეთმა რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადა, რომ მას უნდა პირდაპირი ხელშეკრულება დადოს რეგიონებთან და ამას მოყვა ეგრევე სამცხე-ჯავახეთში განცხადებები, რომ პარალელური თვითმმართველობის ორგანოები უნდა შეიქმნას. ამაში არაფერი სიახლე არაა, რუსეთმა ეს გააკეთა აფხაზეთში, რუსეთმა ეს გააკეთა ცხინვალში, მოლდოვაში, ამჟამად იგივეს აკეთებს დონეცკში და ლუგანსკში. ამასთან დაკავშირებით შეკითხვები არ უნდა იყოს.
მე პროკურორი ან მოსამართლე არ ვარ და ემზარ კვიციანს ვერ დავადანაშაულებ, მაგრამ ყველა მოქალაქეს უნდა გვესმოდეს, რომ ეს ორი მოცემულობა უცვლადია და რაღაც ნაბიჯს რომ დგამ უნდა გესმოდეს რა შედეგი მოჰყვება.” განაცხადა დიმიტრი შაშკინმა
მასალის გამოყენების პირობები






