მურმან დუმბაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ეროვნულმა ფორუმმა“ შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს, პარლამენტის დეპუტატი და ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ წევრი ანი მიროტაძე ეხმაურება.
როგორც ანი მიროტაძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა „ეროვნული ფორუმის“ მიერ კოალიციის დატოვების საკითხი საერთოდ არ განიხილება.
„იმ ადამიანებს შორის ვინც გაბრაზებულები არიან და სურთ დატოვონ კოალიცია, ჩვენ არ ვართ“- აღნიშნავს მიროტაძე.
ანი მიროტაძის თქმით„ ეროვნული ფორუმის მიერ უმრავლეოსობის დატოვების საკითხი დღის წესრიგში სამსჯელოდაც კი არ დამდგარა. თუ ამასთან დაკავშირებით გვექნება გადაწყვეტილება მიღებული, აუცილებლად ჩვენ ვიტყვით და სხვას არ დასჭირდება ამის შესახებ საუბარი, თუ ვინმე არის უმრავლესობაზე განაწყენებული არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში „ეროვნული ფორუმი“ მათ რიცხვში არ შედის. არც ერთი საკითხი არ ყოფილა ჯერ-ჯერობით ისეთი რომელზეც ისე გავბრაზდებოდით, რომ დღის წესრიგში დამდგარიყო უმრავლესობის დატოვების საკითხი.“
ამასთანავე მიროტაძე კატეგორიულად არ ეთანხმება მურმან დუმბაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტი ვინმესგან მართულია, დეპუტატების უფლებები იზღუდება ან გადაწყვეტილებების მიღება კულუარულად ხდება.
ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ წევრმა პარლამენტში განსახილველად შეტანილ ე.წ გასაღების საკანონმდებლო პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ წარდგენილი ორი ვარიანტიდან ის ვახტანგ ხმალაძის პროექტს ემხრობა, რომელიც მოსმენების გასაღების შსს-დან გამოტანას და მარეგულირებელი კომისიისთვის გადაცემას ითვალისწინებს. მიროტაძე აკონკრეტებს, რომ ეს არ არის მთლიანად ფრაქციის გადაწყვეტილება და მისგან განსხვავებით ფრაქციის სხვა წევრები შესაძლოა ბესელია-ფოფხაძის ვარიანტს მიემხრონ.
„მე მაქვს ჩემი პირადი დამოკიდებულება და ეს არ არის მთლიანად ფრაქციის გადაწყვეტილება, უსაფრთხოების მიმართულებით ჩემი ფრაქციის წევრებს მეორე ვარიანტი უფრო მეტად არგუმენტირებული ეჩვენებათ, მე კი ვფიქრობ, რომ გასაღები შსს-დან უნდა გამოვიდეს.“ აცხადებს დეპუტატი.
მასალის გამოყენების პირობები






