საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე აცხადებს, რომ მას მთელი წლის განმავლობაში პრემიის სახით 6 ათასი ლარი აქვს აღებული. ამის შესახებ სანიკიძემ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განუცხადა.
"თუ საუბარია ხელფასზე და დანამატზე, მთავრობის დადგენილებით, ეს ყველა მინისტრს ერთნაირად ეძლევა. რამდენი გამოდის ჯამში ვერ გეტყვით, არ დამიანგარიშებია", - განაცხადა სანიკიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2014 წლის იანვარ-აგვისტოში მთავრობის წევრების პრემიების და სახელფასო დანამატების შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ყველაზე მაღალი პრემია ალექსანდრე მარგიშვილმა მიიღო და ის 26 816 ლარს შეადგენს, მეორე და მესამე ადგილს მანანა ბერიკაშვილი და ბადრი ბაგრატიონი იკავებენ.
მთავრობის წევრებს შორის, ასევე იანვარ-აგვისტოში ყველაზე მაღალი სახელფასო დანამატები აიღეს ირაკლი ალასანიამ, თეა წულუკიანმა, მაია ფანჯიკიძემ, ნოდარ ხადურმა, თამარ ბერუჩაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბიუჯეტში სახელფასო ფონდისთვის 350 მილიონია გამოყოფილი. 2014 წლის 8 თვის განმავლობაში კი მთავრობის წევრებმა სამ მილიონზე მეტი ლარი აიღეს და აქედან ნახევარზე მეტი პრემიისა და სახელფასო დანამატების სახით.
მასალის გამოყენების პირობები






