საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გეგმებზე საუბრობს. სააკაშვილის განმარტებით, ივანიშვილის გადადგომის სამი მოტივაცია არსებობდა:
„თავიდანვე ნათელი იყო, რომ ასე მოხდებოდა. საერთოდ ეჭვი არ მეპარებოდა და არ ეპარებოდა ეჭვი არავის, ვისაც ოდნავ მაინც შეფასების უნარი ჰქონდა. ვიღაცები ამბობდნენ, რომ ივანიშვილი ვერ გაბედავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის მოვიდა იმ მანდატით, იმ განწყობით, რომ მშვენივრად გაბედავდა. იმიტომ რომ მას აქვს სხვა ვალდებულებები. ანგარიშვალდებულება, რა თქმა უნდა, პუტინის წინაშე. მე არ ვამბობ, რომ ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, რაც რუსებს უნდათ, მაგრამ ის ყველაფერს გააკეთებს, რაც თვითონ უნდა. მაგრამ ამ შემთხვევაში რუსებისა და მისი ინტერესები იმდენად ემთხვეოდა ერთმანეთს და იმდენად დიდი ზურგი იყო რუსების, რომ, რა თქმა უნდა, ის ამას გააკეთებდა.
მისი ფორმალური გადადგომის მოტივაცია იყო ორი. უფრო სწორად, სამი: ერთი, რომ ჩაეტარებინა რეპრესიები და ამაზე პასუხი არ ეგო. არაერთხელ თვითონაც თქვა – ჩემგან რა უნდა დასავლეთს, მე ხომ ფორმალურად არა ვარ თანამდებობის პირი. მეორე მისია, მოტივაცია იყო, რომ ფული ეკეთებინა. ის, რომ უჩა მამაცაშვილი, მისი დეიდაშვილი, ახლა ყველა დიდ საწარმოშია და ყველა გადაზიდვის ყველა თემას აზის, ზუსტად ისე, როგორც ნუგზარ შევარდნაძე, ოღონდ უფრო მეტადაც. აი, ერთად რომ ავიღოთ ნუგზარ შევარდნაძე, კახა თარგამაძე, ქუთათელაძე და ჩხარტიშვილი, ყველაფერი ერთად, რასაც ისინი აკეთებდნენ და, ახლა ამას აკეთებს თითქმის მთლიანად უჩა. ეს არის მეორე მოტივაცია. ფორმალურად ივანიშვილი არ არის თანამდებობის პირი და ახლა მისი ნათესავი თუ რამეს აკეთებს, ვერ მოედავები. და მესამე: საერთოდ უნდოდა პასუხისმგებლობების თავიდან არიდება. მათ შორის – თავისი დაპირებების.
მას უნდოდა რეპრესიების ჩატარება და მას არ უნდოდა ამაზე ფორმალურად პასუხისმგებლობა აეღო. მისი მილიარდები არის დასავლეთში და თუ ის ფორმალურად პასუხისმგებელი იქნება, ძალიან ადვილი იქნებოდა მასთან ამაზე მოდავება“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






