ხვალ 21 ნოემბერს 12 საათზე არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიათა ლიდერების ( "ქართული დასის", "პარტია თავისუფლების", "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის", "პატრიოტთა ალიანსის", "ახალი მემარჯვენეების", "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის", "ედპ" ) შეხვედრა ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან კატერინა ბოლონიეზესთან გაიმართება. შეხვედრის მიზნებსა და მსჯელობის საკითხებზე სასაუბროდ „ნიუპოსტი“ ჯონდი ბაღათურიას დაუკავშირდა:
„ინტერპარტიულმა ჯგუფმა დაასრულა თავისი მუშაობის პირველი ეტაპი, საკმაოდ წარმატებულად, რადგან დღეს საბოლოოდ შედგა სრული კონსესუსი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის, საარჩევნო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით. შევთახმდით, რომ უნდა გაუქმდეს, უკვე პარაზიტებად გადაქცეული მაჟორიტარების ინსტიტუტი, რომლებიც როგორც ფეოდალები, ისე სისხლს სწოვენ რაიონის მოსახლეობას და ამის ნაცვლად, უნდა შემოვიღოთ ერთიანი ოპოზიციური სია, რომელიც ნიშნავს ერთი საარჩევნო ხმის გათანაბრებას და არის გარანტი, რომ არცერთი საარჩევნო ხმა არ იქნება დაკარგული. გარდა ამისა, პოლიტიკური პარტია ზუსტად იმდენი მანდატით იქნება, ამ სისტემის მიხედვით წარმოდგენილი, არჩევნების შემდგომ, რამდენ პროცენტსაც ის არჩევნებში აიღებს. დღევანდელი სისტემა, მანდატების ასეთი სამართლიანი გადანაწილების საშუალებას არ იძლევა.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სხვადასხვა საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შევხვდეთ და გავაცნოთ მუშა პროცესის ძირითადი მიმართულებები. ასევე ის საკითხები, რომლებზეც შედგა შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის.
პირველი შეხვედრა ხვალ გაიმართება, კატერინა ბოლონიეზესთან, იგი არის ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი. ესეც ერთი სტრატეგიული ოფისია, რომელთანაც ჩვენ საუბარი საარჩევნო რეფორმებზე გვექნება. მათ შორის, ჩვენ როგორი ხედვა გვაქვს საარჩევნო რეფორმის ძირითად მიმართულებებზე და რა თქმა უნდა მოვისმენთ მის აზრს.
შეხვედრის მიზანი არის თემის აქტუალიზაცია და საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მიმართ“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ჯონდი ბაღათურიამ.
მასალის გამოყენების პირობები






