აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის მიერ რუსეთთან შეთანხმების დოკუმენტის მხარდაჭერას ხელისუფლებიდან დღეს მხოლოდ პაატა ზაქარეიშვილი გამოეხმაურა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის განცხადებით რუსეთის ქმედებები საქართველოს ევროპული მისწრაფებით არის გამოწვეული.
"ეს დოკუმენტი, ისევე როგორც ოთხმოცამდე დოკუმენტი, რომელსაც ხელი ეწერებოდა რუსეთსა და ე.წ. აფხაზეთის მთავრობის შორის 2008 წლის 17 სექტემბრის შემდეგ არის უკანონო. დოკუმენტის ტექსტში ჩაძიება უკვე ნიშნავს ამ დოკუმენტის აღიარებას. არსებითი ცვლილებები აფხაზეთთან მიმართულებით ხდება არა დღეს, არამედ 2008 წლიდან. ამ ხნის განმავლობაში, რუსეთის ყოველი ნაბიჯი არის მორიგი მცდელობა, მოახდინოს აფხაზეთის ანექსია. შესაბამისად, ეს არის რუსეთის რეაქცია საქარველოს ნაბიჯებზე, რომ მივემართებით ევროპისკენ და ევროპული ინსტიტუტებისკენ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე, ახლადდანიშნულმა სახელმწიფო მინისრტმა ევროპიასთან ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძემ კომენტარი არ გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები






