რუსეთი და ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი ახალ ინტეგრაციულ ხელშეკრულებაზე მუშაობენ. მსგავსი ხელშეკრულების შესახებ კანონპროექტი აფხაზეთის ე.წ. პარლამენტშიც წარადგინეს. აღნიშნული პრობლემის შესაფასებლად „ნიუპოსტი“ ექსპერტ ნიკა ჩიტიძეს დაუკავშირდა.
ჩიტიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის ქმედება, არის მცდელობა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ანექსიისა, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში ყირიმის ფორმატი განმეორდა, დე-ოკუპაციის პროცესის წამოწყება ქართული მხარისთვის გაცილებით რთული იქნება:
„არსებობს საფრთხე იმისა, რომ ოკუპაციის პროცესი საქართველოს ორ რეგიონში ანექსიით შეიცვალოს. ანექსია მიერთებას ნიშნავს და ეს ნიშნავს დეფაქტო ანექსიას აღნიშნული ორი ისტორიული რეგიონის. ბუნებრივია, ანექსიის პერიოდში გაცილებით რთულია დეოკუპაციის პროცესის განხორციელება, ვიდრე ოკუპაციის პერიოდში. ანექსიის პირობებში დეფაქტო, აღნიშნული ტერიტორია, შეიძლება მიიჩნეოდეს რუსეთის ტერიტორიად. ბუნებრივია ე.წ ხელშეკრულებები შეეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და მათ რაიმე იურიდიული ძალა არ გააჩნიათ. ამ შემთხვევაში რუსეთი ცდილობს, მისი პოზიციიდან დანახული სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს დოკუმენტები დააკანონოს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია კიდევ უფრო გაღრმავდეს, ამ ორი ისტორიული რეგიონის ე.წ. ინტეგრაცია რუსეთთან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ტერიტორიები აუცილებლად დაიკარგება, გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთს აუცილებლად მოუწევს დათმობაზე წასვლა, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის შემთხვევაში“, - განაცხადა ნიკა ჩიტიძემ.
ექსპერტის განმარტებით, ქართულმა მხარემ მაქსიმალურად უნდა აამოქმედოს დიპლომატიური ბერკეტები, მიიტანოს პრობლემის არსი საერთაშორისო თანამეგობრობამდე, რათა დასავლეთმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, კიდევ უფრო გაამკაცროს:
„რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, აუცილებელია დიპლომატიური მექანიზმების ამოქმედება, რათა დღის წესრიგში, ყირიმისა და უკრაინის პრობლემასთან ერთად, კვლავ დადგეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემა, ანუ წინა პლანზე წამოიწიოს ამ სირთულეებმა. დასავლეთის დარწმუნება შესაძლებელია იმაში, რომ მან კიდევ უფრო გაამკაცროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლება იძულებული იქნება, დასავლეთმა კვლავ წაუყენოს ულტიმატუმი რუსეთს. გარდა ამისა, საქართველომ უნდა დაარწმუნოს დასავლეთის დემოკრატიული წრე, თუ რა საფრთხის მომცველია ე.წ. ხელშეკრულებები. ამ შემთხვევაში არსებობს საფრთხე იმისა, რომ საქართველოში ყირიმის სცენარი განმეორდეს. ყირიმის შემთხვევაში თუ ჩვენ საქმე გვაქვს პირდაპირ ანექსიასთან, ცხინვალითან და აფხაზეთთან მიმართებით, რუსეთი ცდილობს, რომ ეს ტერიტორიები წარმოადგინოს როგორც ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოები. სამივე შემთხვევაში საფრთხე გვაქვს როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს რეგიონების ანექსიასთან“, - აღნიშნა ექსპერტმა.
ჩიტიძე ასევე თვლის, რომ დაძაბულ ვითარებაში, საჭიროა ქართულმა მხარემ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი დროებით გააუქმოს:
„ასევე მივიჩნევ, რომ საქართველომ ალბათ უნდა შეაჩეროს აბაშიძე-კარასინის ფორმატის ფუნქციონირება. ვინაიდან შეუძლებელია, პარალელურად განიხილავდნენ კულტურულ თუ სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს იმ ქვეყანასთან, რომელიც პატივს არ სცემს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს და აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსირების პროცესს“, - განმარტა ჩიტიძემ.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს და დასავლეთი მაქსიმალურად ჩართოს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში:
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აუცილებლად უნდა გააკეთოს განცხადება და დაგმოს რუსეთის აღნიშნული ქმდება და განაცხადოს, რომ ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს. რა თქმა უნდა დაგმობა არ არის საკმარისი, ეს უნდა იყოს დასაბუთებული, გაკეთდეს განცხადება, გავრცელდეს და ყველანაირი დიპლომატიური ბერკეტი უნდა იყოს ამოქმედებული. საქართველოს ხელისუფლება არ უნდა იყოს პასიური. უნდა გაგრძელდეს ვიზიტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. არაღიარების პოლიტიკური მიმართულებითაც საქართველომ უნდა გააგრძელოს საკუთარი დიპლომატიური ძალისხმევა. რუსეთი იწყებს დასუსტებას, მას შემდეგ რაც ნავთობზე ფასი ეცემა, იგი ცდილობს მაქსიმალურად გაამწვავოს ვითარება, სანამ ეკონომიკური რეცესია გამწვავდება რუსეთში“, - განაცხადა ნიკა ჩიტიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






