იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ხელისუფლებას მითითებებს ისევ აძლევს.
ამის შესახებ წულუკიანმა რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრის თქმით, მას არ ახსენდება არც ერთი შემთხვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ მისგან რაიმე მითითება მიეღო.
„ბიძინა ივანიშვილი ძალიან გავლენიანი ფიგურაა პოლიტიკურ კოალიციაში, რომელსაც სახელად ჰქვია „ქართული ოცნება“. ის არის ადამიანი, რომელმაც შეძლო იმ საშინელების დამარცხება, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაიობა“. ვთვლი, ვთვლიდი და ყოველთვის ჩავთვლი, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც ისტორიულად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს პოლიტიკურად სწორად განვითარების საქმეში. რაც შეეხება ხელისუფლებას, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩემთვის დავალება, ან ინსტრუქცია მოეცა. როცა ის გადადგა, არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, როცა მას ჩემთვის რაიმე ტიპის დავალება მოეცა. მე მყავს ერთადერთი დე ფაქტო და დე იურე ხელმღვანელი და ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი",- განაცხადა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






