იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინას ეწვია და რადიო თავისუფლების ეთერში იმ პროცესებზე და პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც ბოლო პერიოდში მმართველ კოალიციაში განვითარდა.
"მათ რატომ განაცხადეს ის, რაც განაცხადეს, ამ კითხვაზე პასუხისთვის მე ვერ გამოგადგებით. მე შემიძლია, პასუხი გაგცეთ იმ კითხვებზე, რაც ჩემს განცხადებებს და ჩემს პოზიციებს ეხება.
ჩემი პოზიცია იყო და არის ის, რომ ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის სათავეში მოვიდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, არის პროდასავლური მთავრობა, რომელიც ამ 24 თვის განმავლობაში მუშაობდა თუნდაც იმისთვის, რომ ასოცირების შეთანხმებას ხელი მოწეროდა; რომ ის სხდომა შემდგარიყო, რომელიც 17 ნოემბერს ბრიუსელში შედგა; რომ ის მაღალი ვიზიტები და შეფასებები მიგვეღო, რაც ორი დღის წინ მივიღეთ ბრიუსელში.
მაგრამ, ის მაღალი შეფასებები, რომელსაც იღებს მთავრობა ევროკავშირის, თუ ნატო-ს მხრიდან, არ ეკუთვნის ამ მთავრობას, ეს ეკუთვნის ხალხს და სწორედ აქ განსხვავდება ჩემი და "თავისუფალი დემოკრატების" პოზიციები ერთმანეთისგან, დღეს უკვე ძალიან რადიკალურად.
მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ვინმემ, ერთმა ადამიანმა საკუთარი თავი გააიგივოს ევროპულ არჩევანთან, რომ მე თუ ვარ, ე.ი. პროცესი ევროპულია და თუ არ ვარ, ე.ი. - არ არის. ამ განცხადებას ჰგავდა ის განცხადება, რომელიც ჩემთვის აბსოლუტურად სიურპრიზის სახით წამოვიდა ტელევიზორიდან და ეკრანიდან მეცა სახეში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






