სასჯელაღსრულების სამინიტროში ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან, სადაც #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების წამებაზეა საუბარი.
მინისტრის პირველი მოადგილის კახი კახიშვილის თქმით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება.
„12 რიცხვში ხდება შესაძლო დანაშაულზე საუბარი და ჩვენთან შეტყობინება მოდის 19 რიცხვში. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაზიანების ხარისხის წარმშვებბის მექანიზმის დადგენისთვის დროული ექსპერტიზის ჩატარება. ამიტომ გამოძიება დღეს გართულებულია და ეს გართულებული, რომ არ იყოს კითხვის ნიშნის ქვეშ მივიდეთ და ადგილზე გავარკვიოთ ყველაფერი. მინისტრი ამ დროისთვის ამერიკაში იმყოფება, თუმცა ეს საკითხი კონტროლზე ჰყავს აყვანილი. თუ დადგინდა რომ სისტემის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ჰქონდა ადგილი, რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი“, - განაცხადა კახიშვილმა.
სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში განთავსებულ პირთა მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების წინადადებით მთავარ პროკურორს დღეს მიმართავს. ომბუდსმენის ინფორმაციით, აღნიშნულ დაწესებულებაში ჯაჭვით დაბმული და ნაცემი პატიმრები ნახეს, რომელთაც ძალადობის კვალი აღენიშნებოდათ.
„ორივე დაკავებული სველი ტანსაცმლით იწვნენ იატაკზე. მ.უ.-ს ხელ–ფეხი ერთმანეთზე სპეციალური ჯაჭვით ჰქონდა მიბმული. ორივე პატიმარს გარეგნულად აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, მათ შორის, სახეზე. მ.უ.-ს შუბლის არეში ჰქონდა ნაკვეთი ჭრილობა, საიდანაც მოსდიოდა სისხლი, ასევე, სხვა მრავლობითი დაზიანებები, ხოლო მ.ფ.-ს მარჯვენა თვალში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა“, - ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






