საქმე ეხება ქარელის მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთი თანამშრომლის ნინო მაისურაძის უკანონო გათავისუფლებას, რომელიც დეკრეტში უნდა გასულიყო და, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში აცხადებენ, მას განცხადება მოტყუებით დააწერინეს.
საიას ინფორმაციით ნინო მაისურაძე ქარელის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ორგანოდან იმ დროს გათავისუფლდა, როდესაც ორსულობის გამო დეკრეტულ შვებულებაში აპირებდა გასვლას. განცხადებაში, რომლითაც მან საიას მიმართა აღნიშნულია, რომ გათავისუფლების შესახებ განცხადება იმ მოტივით დააწერინეს, რომ ახალი გამგებელი თანამდებობაზე ხელახლა დანიშნავდა. 2013 წლის 8 იანვრით დათარიღებული ბრძანებით ნ. მაისურაძე სამსახურიდან გათავისუფლდა და საფუძვლად მის მიერვე დაწერილი განცხადება მიეთითა. გათავისუფლების ბრძანებას ხელს აწერს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ივ. ოსაძე.
ნ.მაისურაძე მიუთითებს, როცა ვითარებაში გასარკვევად ივ.ოსაძეს მიმართა, მისგან ასეთი პასუხი მიიღო: ,,ზემოდან დამავალეს გამეთავისუფლებინე, რადგან შენი მეუღლე ნაციონალებს უჭერდა მხარსო."
ქარელის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ამ საკითხს მომავალ კვირას შეისწავლიან და შესაბამის გადაწყვეტილებასაც, სავარაუდოდ, ამ დროისთვის მიიღებენ.
შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ნინო მაისურაძის საქმეს მიანიჭა სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი საქმის სტატუსი და 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილებით შეცვალა ქვედა ინსტანციის სასამართლოს განჩინება. გადაწყვეტილებაში დაასაბუთა, რომ საქართველოში ჯერ ისევ არ არის დაძლეული ნეპოტიზმი და კონკრეტული პირები ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე იყენებენ საკუთარ თანამდებობებს.
მასალის გამოყენების პირობები






