საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი განცხადებით ვლადიმერ პუტინის ბოლო ქმედებები უკრაინაში მიუთითებს იმაზე რომ რუსეთის ახალი თავდასხმისთვის ემზადება.
TV 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში რეფორმების გატარების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პირველ რიგში რაც ქვეყანამ უნდა გააკეთოს არის კორუფციის დამარცხება.
„პუტინმა გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც აჩვენებს, რომ უკრაინაში ახალი თავდასხმისთვის ემზადება. მან ერთის მხრივ, გააფორმა გაზის ხელშეკრულება უკრაინასთან და ამით უთხრა ევროპელებს: – არ ინერვიულოთ, რაც უნდა გავაკეთო უკრაინაში, თქვენს გაზს მიიღებთ. მეორეს მხრივ, მისი თვითმფრინავები ატლანტიკის ოკეანის თავზე ფრენენ. ამით კი ეუბნება, რომ თუ რამეა, დაგბომბავთ ბირთვული იარაღით. ასე რომ, ის ემზადება თავდასხმისთვის არამხოლოდ პოლიტიკურად. მაგალითად აფხაზეთის გამყოფი ხაზიდან რუსეთმა ტანკები უკრაინაში გადაიყვანა. დღეს ევროპელებს ესმით, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ევროპის უდიდეს ქვეყანას, უკრაინას, ეს ეხება აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის გადარჩენას და მთლიანად ევროპის მომავალს. თუ პუტინი აქ გაიმარჯვებს, ყველა ნახავს რაც მოხდება. მითუმეტეს ის ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






