ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან გაიმართა. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი დავით დონდუა.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და დაადასტურა ფორმატში კონსტრუქციულად მონაწილეობისთვის მზადყოფნა. მხარეებმა შეაჯამეს გასული 29-ე რაუნდის შედეგები და განიხილეს 9-10 დეკემბერს დაგეგმილ 30-ე რაუნდზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების, უპირველესად, ძალის გამოუყენებლობასთან, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნასთან და დევნილი მოსახლეობის დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე კონსტრუქციული მოლაპარაკებების აუცილებლობა.
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება სოხუმის საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთის ფედერაციას შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. „ხელშეკრულების“ პროექტის გამო და აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედება შეფასდება, როგორც საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართული მორიგი ნაბიჯი. ამასთან, აღინიშნა, რომ ე.წ. „ხელშეკრულების“ გაფორმება შეაფერხებს ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში კონკრეტულ საკითხებზე პროგრესის მიღწევას და უარყოფითად აისახება საქართველოსა და მთელ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე.
მასალის გამოყენების პირობები






