საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოსთვის მთავარ პრიორტეტებზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობასა და ადამიანის უფლებებს გაუსვა ხაზი.
"ჩვენი მთავარი პრიორიტეტია დემოკრატიის კონსოლიდაცია, კანონის უზენაესობისა და სამაგალითო მმართველობის განმტკიცება, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებით საქართველო საბოლოოდ იქცევა სტაბილურ და ქმედით პლურალისტული დემოკრატიის ქვეყანად, რომელშიც უზრუნველყოფილია კონტროლისა და ბალანსის ეფექტიანი მექანიზმები და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები. ჩემი ამბიციაა, ვაქციო ჩემი ქვეყანა რეგიონში წარმატების მაგალითად, რისთვისაც გამოყენებული იქნება ევროინტეგრაციის პროცესის ტრანსფორმაციული ძალა.
ეს წარმოადგენს საქართელოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ შედეგს და საქართელოს რიგით მოქალაქეებს მოუტანს ხელშესახებ სარგებელს. საქართველომ წარმატებით დაასრულა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპი, რაც დადასტურდა კიდეც კომისიის უკანასკნელ, მეორე ანგარიშში პროგრესის შესახებ. ამით კი გზა ეხსნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის შემოღებას უსაფრთხო და კარგად მართულ გარემოში. ნება მომეცით, ხაზი გავუსვა ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას, რიგის სამიტისათვის დავაკმაყოფილოთ მეორე ეტაპის ყველა მოთხოვნა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






