„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას თქმით, ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა.
როგორც „რეზონანსთან“ საუბრისას კუკავა განმარტავს, აღნიშნული შესახებ ინფორმაცია მას „ქართული ოცნებიდან“ მიაწოდეს.
„ირაკლი ალასანია ცალსახად პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. უსინდისოა ყველა ის ადამიანი, ვინც საუბრობს იმაზე, რომ თავდაცვის სამინისტროში კორუფცია იყო. „ქართულ ოცნებაში“ ბევრი მეგობარი მყავს და ჯერ კიდევ 6 თვით ადრე ყველამ იცოდა, რომ ალასანიას წინააღმდეგ რაღაცას ამზადებდნენ. თუ ალასანია თავისი ნებით არ წავიდოდა, მაშინ მის წინააღმდეგ საქმეს აღძრავდნენ. ეს ყველამ იცოდა, ალბათ თქვენც იცოდით. ეს ინფორმაციას „ოცნებაში“ მყოფი არაერთი ადამიანისგან მაქვს. თანაც ამას ამბობდნენ ჩვეულებრივ საუბარში. ის, რომ კიდევ იგეგმება მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმის აღძვრა, ეს კიდევ მიუთითებს, რომ ეს საქმეები პოლიტიკურია“, - განაცხადა კუკავამ.
მისი თქმით, ირაკლი ალასანიას შემდეგ „ოცნება“ გიორგი მარგველაშვილის „მოშორებას გეგმავს“.
„ჯერ მოიშორეს ალასანია, შემდეგ მოღალატე იქნება მარგველაშვილი. მოიშორებენ მასაც. მოღალატე იქნებიან „რესპუბლიკელები“, მერე გაიხსენებენ „ფორუმმა“ რა ილაპარაკა, მერე კალაძეს მოადგებიან და ა.შ.“, - აცხადებს კუკავა.
მასალის გამოყენების პირობები






