უცხო ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ საქართველოში ზოგადი განათლების მიღებას სრულად სახელმწიფო დააფინანსებს.
შესაბამისი ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შევიდა. პროექტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 12 წლით სწავლის დაფინანსება გავრცელდება როგორ საქართველოს მოქალაქეზე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირზე, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და მოქალაქეობის არმქონე პირზე.
უქმდება კანონის ის ნორმა, რომლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ზოგადი განათლების მიღების უფლება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე ხორციელდება. ხოლო იმ უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, რომელთანაც ზოგადი განათლების მიღების უფლების საკითხი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით მოწესრიგებული არ არის, საქართველოს სახელმწიფო დაფინანსება ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე განისაზღვრება.
მასალის გამოყენების პირობები






