მინსკის შეთანხმების მიღწევა რუსეთის აქტიური მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო, მაგრამ მას როგორც მეამბოხეები ასევე კიევის ხელისუფლებაც არღვევს, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანული არხის ARD-ის ეთერში განაცხადა.
„მინსკის მოლაპარაკებები წარმოიშვა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ, რუსეთი ჩავერთეთ ამ საქმეში, ვაწარმოეთ სამუშაოები, დონბასელ აჯანყებულებთან, უფრო სწორად აღმოსავლეთ უკრაინელ აჯანყებულებთან, დავარწმუნეთ ისინი, რომ უნდა წასულიყვნენ მოლაპარაკებებზე, ჩვენ რომ ეს სამუშაოები არ ჩაგვეტარებინა , მოლაპარაკებები არც შედგებოდა.“- განაცხადა პუტინმა.
კიევის განცხადების კომენტირებისას, იმასთან დაკავშირებით , რომ რუსეთი აიარაღებს აჯანყებულებს და მათ დასახმარებლად ჯარს აგზავნის, პუტინმა განაცხადა, რომ „ თანამედროვე მსოფლიოში ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ ბრძოლას და ეს ბრძოლა სამართლიანად მიაჩნიათ, ყოველთვის მოიძიებენ იარაღს“ ამასთანავე პუტინმა დაადანაშაულა დასავლეთი, რომელსაც სურვილი აქვს გავლენა იქონიოს კიევის ხელისუფლებაზე, პუტინის აზრით ისინი ცდილობენ „გაანადგურონ ყველა მათი პოლიტიკური ოპონენტი“
პუტინმა ხაზი გაუსვა იმ საკითხს, რომ რუსეთი წინააღმდეგია დაეკისროს პასუხისმგებლობა უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხში, რადგან უკრაინა დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა. პუტინის თქმით, ქვეყნის მთლიანობის შენაჩუნებისთვის უკრაინამ უნდა შეწყვიტოს დასახლებული პუნქტების დაბომბვა და შექმნას პირობები პოლიტიკური დიალოგისთვის.
პუტინმა ასევე მოუწოდა დასავლეთს უარი თქვას უკრაინული კრიზისის მიმართ ცალმხრივ მიდგომაზე და იმუშაოს პოზიციების დაახლოებაზე.
„ჩვენ ყოველთვის გვეუბნებიან პრორუსმა სეპარატისტებმა უნდა გააკეთონ ეს, უნდა გააკეთონ ის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ მათზე ზეგავლენა. მე კი ყოველთვის ვეკითხები: თქვენ რა გააკეთეთ კიევში თქვენს კლიენტებზე ზეგავლენის მოსახდენად? რა გააკეთეთ იმის გარდა რომ მხარს უჭერთ რუსოფობიური განწყობის გაძლიერებას?“- აცხადებს პუტინი.
რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინაში რუსოფობიის საფრთხეებზე, რომელმაც მისი აზრით შესაძლოა კატასტროფა გამოიწვიოს. უკრაინა შეიძლება „ჩაეფლოს ნეო-ნაციზმში“ და იქ დაიწყება ეთნიკური წმენდა - განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, მას არ ესმის მათი ვინც უკრაინის ფედერალიზაციის განხილვაზე უარს აცხადებს. „უკრაინის ყველა მოქალაქე, რა ენაზეც არ უნდა ლაპარაკობდეს ის, ამ ქვეყანას უნდა თვლიდეს თავის სამშობლოდ, უკრაინის მომავალი დამოკიდებულია ხელისუფლების სურვილზე პატივი სცეს ყველა მოქალაქის უფლებას, მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ შეუძლიათ თავისთავის რეალიზება იმ ტერიტორიაზე არანაკლებად, ვიდრე სხვა შესაძლო უკეთეს ადგილზე“- აცხადებს პუტინი.
მასალის გამოყენების პირობები






