უმრვალსეობის წევრის გედევან ფოფხაძის თქმით, მას კოალიციის მიმართ ოპოზიციური განწყობა ხელისუფლებიდან წასულ მინისტრებზე ადრე ჰქონდა. ამის შესახებ ფოფხაძემ გაზეთ „ვერსიასთან“ საუბრისას განაცხადა.
„ლოგიკურად, ოპოზიციაში უფრო მე უნდა წავსულიყავი, ვიდრე მინისტრები, რადგან მანამდე, პარტიაშიც და კოალიციაშიც ოპოზიციური განწყობა მე უფრო მქონდა, მაგრამ მერე თავისუფალმა დემოკრატებმა ემოციურად მეც კი გადამასწრეს და ამ ემოციებში ვერ ავყევი. ჩავთვალე, რომ უმრავლესობაში ჩვენი პოლიტიკური აქტიურობის რესურსი ამოწურული არაა. გარდა ამისა, ფორმალურად, მართლა 76-ე კაცზე ჩერდებოდა უმრავლესობა და ჯერ ბოლომდე არც იყო გარკვეული, ვინ დაემატებოდა და ვინ არა. ფრაქციების დამატება უკვე მას მერე გადაწყდა, რაც ეს გადაწყვეტილება მივიღე. 76-ე კაცის როლში ყოფნა არ მინდოდა, თუმცა ხალხის დამატების შესახებ მანამდეც რომ მცოდნოდა, გადაწყვეტილებას, ალბათ, არ შევცვლიდი“, - აცხადებს ფოფხაძე.
კითხვაზე ხომ არ ტოვებს ირაკლი ალასანიას გადასახედიდან ცუდი მეგობრის შთაბეჭდილებას, ფოფხაძე პასუხობს: „ირაკლი ალასანიას წინაშე დამნაშავე არ ვარ. არავისთვის მიღალატია _ ამას კატეგორიულად ვაცხადებ! რაღაც შინაგანი წინააღმდეგობები მქონდა, მაგრამ ვერ დავინახე ჩემი იქ ყოფნის რესურსი, ვერც _ პიროვნული და ვერც პოლიტიკური მოტივით“, - აცხადებს ფოფხაძე.
მასალის გამოყენების პირობები






