საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი აუდიტის სამსახურის მიერ მერხებთან დაკავშირებულ ბრალდებას ეხმაურება. შაშკინმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ორი წელიწადია მიმდინარეობს:
„ეს არის მცდელობა, რომ ის შიდაკოალიციური პრობლემები გადაიფაროს, რომლებიც არსებობს ახლა მთავრობაში, იმისათვის, რომ სათქმელი ჰქონდეთ, ეს არ არის ერთი კონკრეტული სუბიექტის დევნა და შესაძლოა ფართო სპექტრს შეეხოს ეს თემა და მაქსიმალურად გამოიყენონ ეს მომენტი.
მერხებთან დაკავშირებით, უკვე ორი წელია მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურით დაწყებული და ფინანსური პოლიციით დასრულებული. როგორც ჩემთვის ცნობილია, ერთი ავტობუსი ხალხი დაიკითხა, განათლების სისტემაში ვინც კი იყო ეკონომიკურ განყოფილებაში, ყველა დაკითხეს, დაკითხეს ყველა კომპანია, რომლებიც ამაზე მუშაობდნენ, იმ იმედით, რომ შაშკინისთვის რაიმე დარღვევა აღმოეჩინათ.
ფაქტი არის ის, რომ ჩვენ ჩვენი ბავშვებისთვის მერხები შევიძინეთ, ამის შემდეგ ორი წლის განმავლობაში არავითარი მერხის შეძენა აღარ მომხდარა, მაგრამ თუ ჩვენ მაღალი ხარისხის მერხებს ვიძენდით და გარანტია ჰქონდა 25 წელიწადი, ახლა კვლავ დაბალი ხარისხის პროდუქტს ყიდულობენ.
ორ წელიწადში ადამიანი ყველაფერს ეგუება სამწუხაროდ, ამიტომ შევეგუეთ“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას დიმიტრი შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






