ღია საზოგადოების ფონდების დამაარსებელი და ხელმძღვანელი ჯორჯ სოროსი საქართველოში „ღია საზოგადოება - საქართველოს“ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩამოვიდა. ფონდის საიუბილეო ღონისძიებები სექტემბერში ბათუმის მედიაკონფერენციით დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ჯორჯ სოროსმა დღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა. ლექციის თემა იყო: ევროპის მომავალი. მისი შედეგები მსოფლიოსთვის. მან აქცენტი გააკეთა რუსეთის პოლიტიკაზე, უკრაინაზე და საქართველოზე.
სტუდენტის კითხვაზე როგორ აფასებს საქართველოში ფონდ ღია საზოგადოების საქმიანობას სოროსმა უპასუხა, რომ ფონდის საქმიანობაში არ ერევა, თუმცა უხარია როცა იგებს, რომ ის კარგად მუშაობს.
"ერთი რამ ვიცი, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ახლა საქართველოში თითქოს პოლიტიკური კრიზისია, ეს ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. ძალიან მაინტერესებს თქვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ალბათ ხვალ ამაზე უფრო მეტს გეტყვით, რადგან ლიდერებს ვხვდები" - განაცხადა სოროსმა.
მან ასევე ისაუბრა უკრაინაზე. "პუტინის პოლიტიკის მიზანი უკრაინის დაქცევა და ძველი უკრაინის გაცოცხლებაა. თუ ახალი უკრაინა გადარჩება, მაშინ "ახალი რუსეთის" შექმნის პერსპექტივაც ჩანს." - თქვა სოროსმა.
"ვლადიმერ პუტინს დემოკრატიული უკრაინის ეშინია, ამიტომ ცდილობს მის დასუსტებას. მე დავეხმარები ახალ უკრაინას, რომელიც საქართველოს ძალიან ჰგავს. ახალი საქართველო უფრო მყარად დგას გზაზე, ვიდრე უკრაინა", - განაცხადა ჯორჯ სოროსმა.
ამასთან, როგორც ერთ-ერთმა სტუდენტმა კითხვის დასმისას აღნიშნა, ზოგიერთ ქვეყანაში ფიქრობენ, რომ ღია საზოგადოების ფონდი დესტაბილიზაციის წყაროა, რადგან ფერად რევოლუციებს შეუწყო ხელი. კითხვის ავტორი ამასთან დაკავშირებით ფინანსისტის მოსაზრებით დაინტერესდა.
"როგორც წესი, რევოლუციები არ ამართლებს და არ არის წარმატებული. არის გამონაკლისები, მაგრამ ეს კარგი გზა არ არის. ღია საზოგადოების შენება გრძელი პროცესია - ეს არის ევოლუციური და არა რევოლუციური პროცესი. მეიდანი უნიკალური შემთხვევაა. ხალხი დაუპირისპირდა ბერკუტის ცეცხლს და ეს წარმატებით გააკეთა, მაგრამ ამის უკან დგანან ადამიანები, რომლებიც ძალიან მომწიფებულები და განათლებულები არიან და სწორედ ეს ადამიანები არიან ახალი უკრაინის წარმომადგენლები", - განაცხადა ფინანსისტმა.
ლექციაზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონდათ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს.
როგორც „ლიბერალს“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოში“ განუცხადეს, ჯორჯ სოროსი 15 ნოემბერს შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერს. შესაძლოა, შეხვდეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაც.
მასალის გამოყენების პირობები






