"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბათუმიდან თბილისში დაგეგმილ აქციაზე გამოემგზავრნენ.
პარტიის წევრები დილით ბათუმის პორტის მიმდებარედ შეიკრიბნენ. ისინი 8 სამარშრუტო ტაქსითა და რამდენიმე მსუბუქი ავტომობილით თბილისში გამოემგზავრნენ.
როგორც პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ განაცხადა, დღევანდელი აქციით საქართველოს ხელისუფლებასა და მსოფლიოს უნდა გააგებინონ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს შემადგენელი ნაწილია.
ამასთან, ის იმაზეც საუბრობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ხდება მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდით ზეწოლა, რომ ისინი აქციას არ შეუერთდნენ.
"საინტერესოა ის, რომ გიორგი ერმაკოვს გუშინ საღამოს გაახსენდა და დღეს დანიშნა მერიისა და თვითმმართველობის შემადგენლობაში შემავალი ორგანოების თათბირი. ეს არის იმის გაგრძელება, რასაც მთელი საქართველოს მასშტაბით "ქართული ოცნება" ახორციელებს," - ამბობს გიორგი კირთაძე და დასძენს, რომ მისთვის ხელისუფლების ეს პოზიცია გაუგებარია.
"ძალიან მიკვირს, რატომ არიან ისინი აგონიაში რადგან ჩვენ მივდივართ აქციაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დღევანდელობისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავისთვის. მივდივართ აქციაზე, სადაც საქართველოს ხელისუფლებას და მთელ მსოფლიოს გავაგებინებთ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი და ქართველი ხალხი არასდროს დაუშვებს ამ ტერიტორიების ანექსიას," - აღნიშნა გიორგი კირთაძემ.
http://rustavi2.com/
მასალის გამოყენების პირობები






