თემაზე - „ურბანული განვითარების თანამედროვე გამოწვევები ქალაქ თბილისში“, მერიისა და სსიპ „თბილისის არქიტექტურის სამსახურის“ ინიციატივით დღეს კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციას თბილისის მერი დავით ნარმანია გახსნის. კონფერენციას, ასევე, დაესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და იუსტიციის სამინისტროს, თბილისის საკრებულოს, არქიტექტორთა კავშირისა და კერძო სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი დედაქალაქში მშენებლობებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების აქტუალიზაცია და ბიზნეს-კომპანიების, დეველპერების, არქიტექტორების, მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურებისა და სსიპ „თბილისის არქიტექტურის სამსახურს“ შორის თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბება და ინფორმაციის გაცვლაა.
კონფერენცია ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართება და მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურთან დეტალურად განიხილონ მათთვის საინტერესო საკითხები. თბილისის არქიტექტურის სამსახური დამსწრე საზოგადოებას მშენებლობებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებს გააცნობს.
არქიტექტურის სამსახური რეგულარულად გამართავს საჯარო დიალოგს ბიზნეს კომპანიებთან და დეველოპერების წარმომადგენლებთან, რათა განხორციელდეს ქალაქის სწორი განვითარება ისე, რომ ხელი არ შეეშალოს ბიზნესის განვითარებას.
კონფერენცია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" 14:00 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები






