საიას შეფასებით, 15 ივნისის არჩევნები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით ნაკლები, ხოლო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით მეტი პრობლემურობით გამოირჩეოდა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში 2014 წლის არჩევნების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში ხშირი იყო ისეთი დარღვევები, როგორიცაა კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლა, პოლიტიკური ოპონენტებზე თავდასხმა, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა და ფიზიკური დაპირისპირება, რაც საიას შეფასებით, საფრთხეს უქმნიდა თავისუფალ და კონკურენტულ პირობებში საარჩევნო კამპანიის წარმოებას.
საიას შეფასებით, მთლიანობაში, 2014 წლის 15 ივნისს კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა. კენჭისყრის დღეს განსაკუთრებით უხეშ დარღვევებს მასშტაბური ხასიათი არ ჰქონია. ანგარიშის მიხედვით, რიგ შემთხვევებში, საუბნო კომისიის წევრების კვალიფიკაციის დაბალი დონე და საქმისადმი არაპროფესიული მიდგომა გამოვლინდა. კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიებში საიას დამკვირვებლებმა 150 საჩივარი წარადგინეს და 127 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.
"იმ ოლქებში, რომლებშიც საიას დამკვირვებლები მონიტორინგს ახორციელებდნენ, გამოვლინდა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები, ცალკეული შემთხვევების გარდა, არ იყვნენ მოწოდებულნი, დეტალურად შეესწავლათ საიას მიერ წარდგენილი საჩივრები, მოეხდინათ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევა და მტკიცებულებათა ჯეროვანი შესწავლა/შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ, კონკრეტულ შემთხვევებში, არსებული დარღვევები შესაბამისი მტკიცებულებებით იყო გამყარებული, საოლქო საარჩევნო კომისიები არ აკმაყოფილებდნენ საჩივარში დაყენებულ მოთხოვნებს და, ცალკეულ შემთხვევებში, უარს აცხადებდნენ თავად მტკიცებულებების მიღებაზე. არჩევნების შემდგომ პერიოდში საიამ საოლქო საარჩევნო კომისიებში 262 საჩივარი წარადგინა, პირველი ინსტანციის სასამართლოში - 58 სარჩელი, ხოლო სააპელაციო სასამართლოში 21 საქმე გაასაჩივრა. საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრებიდან საოლქო საარჩევნო კომისიებმა 95 საჩივარი სრულად, 68 საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილეს. სასამართლოში წარდგენილი 58 სარჩელიდან 4 სრულად, 20 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოკვეთილი პრობლემები და დაფიქსირებული დარღვევები ისევ აქტუალური იყო მერის/გამგებლის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს. თუმცა, არჩევნების პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორე ტურზე საუბნო საარჩევნო კომისიები, უმრავლეს შემთხვევაში, ადეკვატურად რეაგირებდნენ საიას დამკვირვებლების შენიშვნებზე და საარჩევნო კანონმდებლობის პროცედურულ დარღვევებს დაუყოვნებლივ ასწორებდნენ. ამიტომ საიას დამკვირვებლებმა საჩივრები, მთელ რიგ შემთხვევებში, აღარ წარადგინეს. მეორე ტურზე საიას დამკვირვებლებმა სულ 43 საჩივარი დაწერეს და 34 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში" - აცხადებს საია და იმედს გამოთქვამს, რომ მომზადებული ანგარიში დაეხმარება საარჩევნო პროცესებში ჩართულ პირებს, "განამტკიცონ მიღწევები და აღმოფხვრან ხარვეზები, რაც ხელს შეუწყობს არჩევნების თვისობრივად უკეთეს, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას".
მასალის გამოყენების პირობები






