ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობას ალასანია-მარგველაშვილთან განიხილავს. „ალიასთან“ საუბრისას ხუხაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილი „მარგველაშვილს ვერ ინელებს და შედეგად ალასანიასთან გაცილებით ლოიალურია“:
„ივანიშვილთან ჩვენი გზები პოლიტიკის კუთხით გაიყო, დღეს არც ერთი არ ვართ პოლიტიკაში. რაც შეეხება სხვა კუთხით, ჩვენი პირადი ურთიერთობებისთვის ზიანი არ მიუყენებია. ერთია პოლიტიკა, მეორეა ადამიანური ურთიერთობები. რაც შეეხება მისი მხრიდან კრიტიკას, მე ვფიქრობ, რომ ორი ტიპის პრობლემაა მასთან და ალასანიასთან ურთიერთობაში, მასა და გიორგი მარგველაშვილის ურთიერთობაში.
მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ალასანიას მიმართ უფრო მეტი გაბრაზების მიზეზი უნდა ჰქონდეს, აშკარაა, რომ ის ვერ ინელებს გიორგი მარგველაშვილს და უფრო რბილია ალასანიასთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტისა და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობები უფრო სუბიექტური ხასიათისაა, ამ ყველაფერს მე მაინც ნაკლებად განვიხილავდი პოლიტიკურ ჭრილში, იმ არგუმენტებს, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს პრეზიდენტთან მიმართებაში, არ შევაფასებ რამდენად სწორია, ან არასწორი, თუმცა, ეს არგუმენტები არ ეხება პოლიტიკის ფუნდამენტურ საკითხებს, რადგან მათ შორის არასდროს ყოფილა კრიტიკა მარგველაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშრებით. უთანხმოება ეხებოდა უფრო ატრიბუტიკას, პრეზიდენტის სასახლეში გადასვლას, საკადრო საკითხებს, ობიექტური პრობლემა მათ შორის არ არის, რაც ტოვებს იმის იმედს, რომ ადრე თუ გვიან, მათ შორის ურთიერთობის პრობლემა ადვილად გადაილახება. როდესაც წინ სახელმწიფო ამოცანებია გადასაწყვეტი, ყველა ვალდებულნი ვართ, სუბიექტური შეხედულებები გადაილახოს და ვალდებულნი ვართ, სახელმწიფოებრივი ამოცანები შევასრულოთ. თუმცა, ბიძინა ივანიშვილი არ არის დღეს პოლიტიკაში და მას სრული უფლება აქვს, თუნდაც სუბიექტური მიზეზებით აკრიტიკოს პრეზიდენტი“, - აცხადებს ხუხაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






