საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი წარადგინა. შეგახსენებთ, რომ ბერუჩაშვილი მაია ფანჯიკიძის მოადგილე იყო.
„მსურს წარვადგინო თამარ ბერუჩაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ადამიანი შეგვერჩია, ქალბატონმა თამარმა მიმართულება ზუსტად იცის. ევროპული არჩევანი ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და მე ვარ დარწმუნებული, ქალბატონი თამარი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ საქმეში. მას აქვს დიდი გამოცდილება საჯარო და დიპლომატიურ სფეროში მუშაობის კუთხით, საქართველოს ევროინტეგრაციის თემებზე 22 წლიანი გამოცდილება აქვს ქალბატონ ბერუჩაშვილს და იმ წარმატებაში, რომელმაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი. იგი დღესაც გახლავთ ასოცირებული პროფესორი. მე მჯერა, რომ იგი წარმატებით გაართმევს თავს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობას. მსურს ვუსურვო წარმატებები იმ საქმეში, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვემსახურებით“, - განაცხადა ღარიბაშილმა.
თამარ ბერუჩაშვილმა მაია ფანჯიკიძის პოსტიდან წასვლის დღეს მასთან ერთად თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა, თუმცა მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ იგი „ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდს აღარ ტოვებდა.
მასალის გამოყენების პირობები






