"ძალიან გული მწყდება, რომ ასეთი განცხადებებით ქვეყნის პრემიერმინისტრი აზიანებს საქართველოსაც, ჩვენს საერთაშორისო იმიჯს და არ დაგიმალავთ, პირადად პრემიერის ინსტიტუტს."- განაცხადა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების საპასუხოდ.
„ერთადერთი და მთავარი, რაზეც ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენს პარტნიორებთან საზღვარგარეთ ვსაუბრობდი იყო ის, რა წარმატებას მიაღწია თავდაცვის სამინისტრომ და ჩვენმა ქვეყანამ NATO-სთან თავსებადობის და ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით, ეს ძალიან კარგად იცის პრემიერმინისტრმაც"- აღნიშნა ალასანიამ.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი მინისტრების მისამართით დღეს მორიგი კრიტიკული განცხადება გააკეთა. პრემიერის განმარტებით, ის, რომ ევროპასა და შეერთებულ შტატებში საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნასთან დაკავშირებით განცდა ამ დრომდე ვერ მოიხსნა, მაია ფანჯიკიძის, ირაკლი ალასანიასა და ალექსი პეტრიაშვილის პირდაპირი პასუხისმგებლობაა.
პრემიერმა დღესვე განაცხადა, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ოპოზიციაში გადასვლას მიესალმება, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ლოიალურები არიან.
მასალის გამოყენების პირობები






