საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზალკალიანი არ იზიარებს პრემიერის მიერ მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პეტრიაშვილის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს.
ზალკალიანის თქმით, იმის გამო, რომ ექს-მინისტრები კოალიციიდან წავიდნენ, მათი მსგავსი ეპითეტებით შემკობა არასწორია.
„მე არ ვიზიარებ პრემიერის ამ მოსაზრებას გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ გუნდთან ერთად ვიცავდით საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის ქვეყნის წარმოჩინებისთვის და იმ რეფორმების ნათლად ჩვენებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობდა. საქმე გვაქვს პირად წყენასთან. ნებისმიერ ქვეყანაში ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი. თუ ჩვენ მივისწრაფვით ევროპული ქვეყნის მშენებლობისკენ, მაშინ პატივი უნდა ვცეთ ოპონენტების უფლებას, გამოხატონ საკუთარი აზრი და პოზიცია. კოალიციები იქმნება და იშლება, მაგრამ იმის გამო, რომ კოალიციიდან მიდიან, მსგავსი სახის ეპითეტებით შემკობა ასე არ უნდა ხდებოდეს. ამიტომ, ვფიქრობ პირად წყენებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს დაყენებული და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვისაუბროთ“, - განაცხადა ზალკალიანმა.
ზალკალიანის თქმით, არც პრემიერს და არც მთავრობის სხვა წევრებს აღნიშნულთან დაკავშირებით გასული ორი წლის განმავლობაში შენიშვნა არ მიუღიათ.
„ორი წლის განმავლობაში მსგავსი შენიშვნები პრემიერის და მთავრობის მხრიდან არ მომისმენია. მე ვიცი, რომ ის წარმატებები, რომლებსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია საერთაშორისო ასპარეზზე, ამ ადამიანების დამსახურებაა და ამ ყველაფერში ჩემი წვლილი მეც მაქვს შეტანილი“, - აცხადებს ზალკალიანი.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაია ფანჯიკიძე და ირაკლი ალასანია, საგარეო ვიზიტებისას მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის დროს მიღწეულ პროგრესზე საუბრობდნენ და არ ცდილობდნენ დასავლეთის ქვეყნებისთვის მოეხსნათ ის არასწორი განცდა, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






