ახმეტაში მომხდარ დაპირისპირებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური გამოეხმაურა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მან ინციდენტის სპეცრაზმის მეშვეობით ჩახშობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც უარყო.
მისი თქმით ჩხუბის გამო სპეცრაზმის მობილიზება არ ხდება.
გომელაური ახცადებს, რომ გუშინდელი დაპირისპირების მონაწილეები დაკავებულები არიან და ჯერ კიდევ არ გაუშვიათ.
„არავინ არ გაუშვიათ, როგორც ვიცით, დაკავებულები არიან ჩხუბზე. ჩხუბი მოუვიდათ, ეგეთი რამე ხდება. დღეში შეიძლება ორი-სამი მსგავსი ფაქტი მოხდეს. ვთქვათ, ქორწილში მოხდა გუშინ ჩხუბი, ეგ არ გაინტერესებთ რატომღაც, გაინტერესებთ ახმეტაში რომ მოხდა ჩხუბი. ჩვეულებრივი თემა იყო, სოფლელებმა იჩხუბეს ერთმანეთთან, მეტი არაფერი მომხდარა“, - განაცხადა გომელაურმა.
გომელაურის თქმით, ეთნიკურად სომეხმა და ქართველმაც შეიძლება იჩხუბოს და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებმაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახმეტაში ეთნიკურ ნიადაგზე დაძაბულობა გაღვივდა.
„ჩხუბი შეიძლება ყველგან მოხდეს მაგრამ თქვენ სხვა შემთხვევაში არ ინტერესდებით, რატომღაც მხოლოდ ახმეტაში მომხდარი ჩხუბი გაინტერესებთ“ - ამბობს ვახტანგ გომელაური.
შეგახსენებთ რომ ახმეტაში რამდენიმე ჯგუფური ჩხუბი მოხდა, გავრცელებული ინფორმაციით დაპირისპირება ახმეტის და პანკისის ეთნიკურად ქართველებს შორის ორი დაპირისპირება მოხდა, რომელიც სპეცრაზმის ჩარევის შედეგად განიმუხტა.
მასალის გამოყენების პირობები






