კინოდოკუმენტალისტი გოგა ხაინდრავა საქართველოს ყოფილ სახელმწიფო მინისტრებს, მაია ფანჯიკიძეს, ირაკლი ალასანიასა და ალექსი პეტრიაშვილს განმარტებებს სთხოვს. „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას ხაინდრავა ალასანიას გუნდს პოლიტიკურ საბოტაჟში ადანაშაულებს:
„ეს ალასანიას პოლიტიკური დემარშია. საგარეო პოლიტიკის იმპლემენტაციასა და ევროატლანტიკური კურსის განხორციელებას საერთაშორისო ასპარეზზე, პრაქტიკულად, ალასანიას ჯგუფი აკონტროლებდა. როგორც თავად ამბობენ, აღებული კურსის განხორციელებას საფრთხე შეექმნა და გაჩნდა უამრავი კითხვა. ამიტომ გამობრძანდნენ და განგვიმარტონ ქალბატონმა ფანჯიკიძემ, ბატონებმა - პეტრიაშვილმა და ალასანიამ , ვინ იყო ის ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, ან ინსტიტუცია, ვინც მათ ხელი შეუშალა და კონკრეტულად, რაშია გამოხატული ხელის შეშლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ კურსის წინააღმდეგ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და პარლამენტი იყვნენ. პარლამენტშიც ბრძანდება მათი თანაგუნდელი ზურაბ აბაშიძე. თუ არ იქნება დასახელებული კონკრეტული ადამიანები და პოლიტიკური ჯგუფი, ვისაც ისინი გულისხმობდნენ, ეს იქნება პოლიტიკური საბოტაჟი.
ზუსტად მათი მოქმედებაა საქართველოს არჩეული კურსისთვის ხელის შეშლა. ალასანიას განცხადებამ რა ზიანიც მიაყენა ქართულ სახელმწიფოს, ასეთი „ნაციონალური მოძრაობის“ მარგინალური და დანაშაულებრივი ჯგუფის გარდა, არავის მიუყენებია.
პრაქტიკულად დღეს მთელი დასავლური სამყარო ლაპარაკობს იმაზე, რომ საქართველომ საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვალა. ეს არის ბომბის აფეთქების ტოლფასი საქართველოსთვის - სერიოზული დარტყმა ეკონომიკური, პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის. ამ ზიანის ანაზღაურება იქნება ურთულესი საერთაშორისო ასპარეზზე, ამიტომ სამივე ყოფილმა მინისტრმა ქართველ ამომრჩეველს აგვიხსნას, ვინ არის ის მითოლოგიური ძალები, ვინც საფრთხის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროატლანტიკური კურსი“, - აცხადებს გოგა ხაინდრავა.
მასალის გამოყენების პირობები






