დღეს ზუგდიდში ,,აფხაზთა კრება“ გაიმართა. აფხაზთა კრებამ, მიღებულ რეზოლუციებაში ვრცლად ისაუბრა ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეების შესახებ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა დროული რეაგირებისაკენ, ხოლო საზოგადოებას, ყველას ვისთვისაც ღირებულია ქვეყნის დეოკუპაცია და მისი ევროპული არჩევანი, საერთო ეროვნული კონსოლიდაციისაკენ.
,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ ,,აფხაზთა კრების“ მიერ მიღებული რეზოლუციის ტექსტს.
საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთის მიმართ გატარებულმა ე.წ კონსტრუქციულმა კურსმა, სინამდვილეში კი დამპყრობლის მიმართ მაამებლურმა, აშკარად უთავმოყვარეო ლაქუცის, საერთაშორისო ორგანიზაციებში დეოკუპაციის და არაღიარების დღის წესრიგიდან ფაქტობრივად მოხსნის, უკრაინის მოვლლენებისადმი სამარცხვინო განრიდების პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა. რუსეთის ფედერაციამ, ისე როგორც მას ისტორიულად ჩვევია, ამას აგრესიული პოლიტიკით უპასუხა, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას ისახავს მიზანად.
შემოთავაზებულია აფხაზეთის ყირიმიზაციის ე.წ. ხელშეკრულება, რუსეთისა საკუთარ თავთან-სოხუმის მარიონეტულ რეჟიმთან, რომლითაც აფხაზეთი ხდება რუსული სამხედრო, პოლიტიკური, საბაჟო, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი. რუსეთის საზღვარი ფსოუზე ფაქტიურად წაიშლება და გადმოდის ენგურზე. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ ე.წ. ხელშეკრულების პროექტებში რუსეთისათვის საბაჟო პუნქტების გახსნის უფლების ხაზგასმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პუნქტებზე იმოქმედებს ,,საბაჟო კავშირის“ წესები, რომლის მონაწილეც არის ბელარუსი, ყაზახეთი და სომხეთი. ამით მოხდება ამ ქვეყნების მიერ ხელმოწერილი ერთიანი საბაჟო კოდექსის ლეგალიზაცია საქართველოში. ეს კი თავის მხრივ გამოიწვევს მათ ირიბ ჩართვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის მისწრაფებებში, რაშიც რუსეთი სისხლხორცეულად დაინტერესებულია, რადგან ამ მიმართულებით მან სერიოზული მარცხი განიცადა საერთაშორისო სარბიელზე.
მიუხედავად იმისა, რომ შექმნილი ვითარება საგანგაშოა და ის ყოველდღიურად სულ უფრო მძიმდება, როგორც საქართველოს, ასევე აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ სრულ უმოქმედობას, განსაკუთრებით კი საგარეო ასპარეზზე. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ნაცვლედ იმისა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და სტრატეგიული მოკავშირეები, სრულიად ცივილიზებული სამყარო, რომელმაც რუსეთის ფედერაცია 2008 წელს აღიარეს ოკუპანტად, მაქსიმალურად აქტიურად ჩავრთოთ საქართველოს ტერიტორიების ანექსიის შესაჩერებლად, ამჟამინდელი ხელისუფლება ფაქტობრივად უარს ამბობს მათთან მჭიდრო თანამშრომლობაზე, აგრძელებს კაპიტულანტურ პოლიტიკას, რითიც გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს ქვეყნის უსაფრთხოებას, მის ეროვნულ ინტერესებს და ობიექტურად აჩქარებს მტრის გეგმების განხორციელებას.
ყოველივე ზემოთქმული ნათელყოფს იმ გარემოებას, რომ საქართველოს მთავრობამ, მის მიერ დეკლარირებული საგარეო კურსის მიუხედავად, რეალურად ზურგი აქცია ქვეყნის ევროატლანტიკურ მიმართულებას, საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, რომელიც მანსაყოველთაო სახალხო გამოკითხვაში საკუთარი ნების გამოხატვით დააფიქსირა.
ა.წ. 27 სექტემბერს თბილისში ჩატარებულმა აფხაზთა კრებამ, მიღებულ რეზოლუციებაში ვრცლად ისაუბრა ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეების შესახებ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა დროული რეაგირებისაკენ, ხოლო საზოგადოებას, ყველას ვისთვისაც ღირებულია ქვეყნის დეოკუპაცია და მისი ევროპული არჩევანი, საერთო ეროვნული კონსოლიდაციისაკენ.
ამჟამად შექმნილმა კრიზისულმა ვითარებამ, ქვეყნის უსაფრთხოებასა და მის საგარეო ურთიერთობაზე პასუხისმგებელი სამინისტროების ხელმძღვანელების, ელჩებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გადადგომამ, საქართველოს სტრატეგიული განვითარების კურსთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ მათმა განცხადებებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი პოზიციების სისწორე.
2014 წლის 8 ნეომბერს ქ.ზუგდიდში გამართული მორიგი აფხაზთა კრების მონაწილე დევნილი საზოგადოების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ მტკიცედ ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ ნებას აფხაზეთის ანექსიის მცდელობის წინააღმდეგ, ქვეყნის დეოკუპაციის, საქართველოს ევროპული არჩევანისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისი ინტეგრაციის მხარდასაჭერად.
ჩვენ, მოვუწოდებთ ყველა დასავლური ორიენტაციის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, პარტიული კუთვნილებისა თუ პოლიტიკური სიმპატიების მიუხედავად, რომ ქვეყნისათვის ამ მეტად რთულ ვითარებაში, გავერთიანდეთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთის მოსალოდნელი ანექსიის წინააღმდეგ და დავიცვათ ჩვენი ევროპული არჩევანი.
ამავე დროს, კრება მოითხოვს:
1. საქართველოს მთავრობამ აღიაროს რუსეთის მიმართ წარმოებული ე.წ. კონსტრუქციული პოლიტიკის სიმცდარე, სრული მასშტაბით აღადგინოს შეწყვეტილი დეოკუპაციის კურსი ქვეყნის შიგნით და გარეთ და საქვეყნოდ განაცხადოს ევროატლატიკური ორიენტაციის მტკიცე და ურყევი ერთგულება;
2. საქართველო შეუერთდეს ცივილიზებული სამყაროს მიერ რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს;
3. გადაიდგას ქმედითი სამართლებრივი ნაბიჯები ა.წ.13 აპრილს ქ.თბილისში სახელმწიფო კანცელარიასთან გამართული საპროტესტო აქციის ,,არა კოლაბორაციონიზმს, არა მტერთან თანამშრომლობას!“ მოთხოვნების შესასრულებლად. კერძოდ, რუსეთთან მოთანამშრომლე კოლაბორაციონისტული ჯგუფების და ორგანიზაციების ასალაგმავად და რუსული საინფორმაციო დივერსიების აღსაკვეთად;
4. გაუქმდეს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი;
5. გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან კაპიტულანტი მინისტრი პ.ზაქარეიშვილი და გაუქმდეს მისი სამინისტრო;
6. შეწყდეს ოკუპაციის კანონის შერბილების, ,,ავარეთ-კახეთის“ საავტომობილო გზის მშენებლობის, რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნისაკენ მიმართული ყოველგვარი ქმედებები და ამ საკითხებზე ხელისუფლებამ გამოხატოს მტკიცედ უარყოფითი პოზიცია;
7. შესრულდეს ა.წ. 27 სექტემბერს თბილიში გამართული აფხაზთა კრების მოთხოვნები. აფხაზეთის მოსახლეობას აღუდგეს წართმეული საარჩევნო უფლება და ჩატარდეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახალი არჩევნები, რითაც უზრუნველყოფილი იქნება დევნილთა რეალური მონაწილეობა მათთვის საჭირბოროტო, უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთის დაბრუნებისა და აფხაზეთში დაბრუნების საკითხების გადაწყვეტაში. გადაყენებულ იქნეს აფხაზეთის ა/რ კრემლოიდური მთავრობა;
8. შეწყდეს ოპონენტების მიმართ ხელისუფლების აგრესიული, სიძულვილის რიტორიკა და რეპრესიები, არ იქნეს გამოყენებული სასამართლო ხელისუფლება ასეთი ქმედებების ინსტრუმენტად. საქართველოს პროკურატურამ ოკუპანტის წინააღმდეგ სრულად აამოქმედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 404-ე მუხლი (აგრესიული ომის მომზადება ან წარმოება). კერძოდ, ამ და სხვა თანმხლები ნორმების საფუძველზე. რუსეთის ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტების მედვედევისა და პუტინის წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის, ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის გამო;
9. განახლდეს საქართველოს პროკურატურატურაში მაუდგადაფარებული რუსეთის მიერ 1992-1993 წწ. აფხაზეთში ჩატარებული ქართველების გენოციდისა და ეთნიკური წმენდის საქმეები. მიეცეს მათ შემდომი სამართლებრივი მსვლელობა.
კრება თხოვს მასში მონაწილე ორგანიზაციებს აღნიშნული რეზოლუცია გააცნოს ა.წ. 15 ნოემბერს ქ.თბილისში დაგეგმილი საპროტესტო მიტინგის მონაწილეებს, ყველა საზოგადოებრივ თავყრილობას თუ შეკრებას მისი მხარდაჭერისა და შესრულების მიზნით.
აფხაზთა კრება
08.11.2014
მასალის გამოყენების პირობები






