თავდაცვის ახალ მინისტრ, მინდია ჯანელიძესა და აშშ-ს ელჩს, რიჩარდ ნორლანდს შორის გაცნობილი ხასიათის შეხვედრა შედგა. შეხვედრას შტატების თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი და საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი, ერიკ ჰანიც ესწრებოდნენ. მათ ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე სამხედრო-პოლიტიკურ და სამხედრო-ტექნიკურ სფეროში ურთიერთობაზე ისაუბრეს.
მინდია ჯანელიძის განცხადებით საქართველოს დასავლური კურსი უცვლელი რჩება, რიჩარდ ნორლანდმა კი აღნიშნა, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.
"უპირველეს ყოვლისა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობა. მოხარული ვარ, რომ თავდაცვის ახალმა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ დღეს თავდაცვის უწყებაში მომიწვია. როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და სიმბოლურად სურდა, სწორედ შეერთებული შტატების ელჩი ყოფილიყო მისი პირველი სტუმარი. ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ორმხრივ თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არანაირი ცვლილება არ მოხდება და საქართველოს კურსი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ურყევია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. შევთანხმდით, რომ ეს შეხვედრა კარგი საფუძველი იქნება და მომავალშიც გავაგრძელებთ მნიშვნელოვან და მჭიდრო თანამშრომლობას აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში", - განაცხადა ნორლანდმა.
მასალის გამოყენების პირობები






