საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა:
"მე მინდა პერსონალურად გესაუბროთ ბოლო დროს მთავრობაში მომხდარ ცვლილებებზე, მე ვაცნობიერებ, რომ ამ ცვლილებებმა შესაძლოა გააჩინოს კითხვები პარტნიორებში და მე მინდა დაგარწმუნოთ თქვენ , რომ მთავრობის პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება, ბოლო დღეების განმავლობაში იყო მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური პრობლემები, მაგრამ ყურადღება მინდა გავამახვილო, რომ ეს არის შიდა საკითხები და ეს გავლენას არ მოახდენს ჩვენს საგარეო ურთიერთობებზე.
მე დავნიშნე ახალი თავდაცვის მინისტრი, რომლის შესახებაც ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის, მისი მმართველობის პერიოდში თქვენს ქვეყნებთან თანამშრომლობა გაიზრდება, ჩვენ ასევე გამოვაცხადებთ ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს უახლოეს მომავალში და ევროინტეგრაციის მინისტრს.
ისინი იქნებიან ადამიანები, რომლებთანაც თქვენ შეძლებთ მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას. ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო ძლიერია, ხოლო პოლიტიკური ატმოსფერო უფრო პლურალისტული, ვიდრე სულ რამდენიმე წლის წინ. ყველა პიროვნებასა თუ ჯგუფს აქვს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, ასევე პოლიტიკური პარტიის შექმნის, არჩევნებში მონაწილეობისა და წარმომადგენელთა არჩევის უფლება. ჩემი მთავრობა და კოალიცია „ქართული ოცნება" ამ ღირებულებების ერთგულია და უზრუნველყოფს დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს მყარი საძირკველის ფორმირებას
მინდა განვმარტო, რომ პოლიტიკური ალიანსები და ინდივიდები მთავრობაში შეიძლება შეიცვალოს, ჩვენი ვალდებულება ევროატლანტიკური ინტეგრაციისა არის უცვლელი, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი, ეს არის ქართველი ხალხის სურვილი, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით და რომელმაც ჩვენ ნება დაგვრთო ვყოფილიყავით მთავრობაში, ასე რომ საქართველოს ევროპული არჩევანი იყო და არის შეუქცევადი."- აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" ოპოზიციაში გადასვლაზეც ისაუბრა:
„მქონდა იმედი, რომ „თავისუფალი დემოკრატები" დარჩებოდნენ მმართველ კოალიციაში. იმედს ვიტოვებ, როგორც კი სიტუაცია დაწყნარდება, ისინი ხელისუფლებასთან გონივრულ და კონსტრუქციულ ურთიერთობას დაიწყებენ. ისინი კარგი და წესიერი ადამიანები არიან, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამის გაკეთება. სიმართლე გითხრათ, მათი გადასვლა ოპოზიციაში ქართულ დემოკრატიას უფრო გააძლიერებს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული გამოძიების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სახეზეა სერიოზული ბრალდებები, რომლებსაც გამოძიება სჭირდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კორუფციასთან ბრძოლა მთავრობის მთავარი პრიორიტეტია და პოტენციური კორუფციის გამოვლენის შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რომელ მინისტრს ან სტრუქტურას შეიძლება ეხებოდეს, დათმობა არ მოხდება.
"ქართველი ხალხი იმსახურებს ეფექტურ მთავრობას, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი კორუფციისა და ძალაუფლების გადამეტებისგან. სამწუხაროდ, ალასანიას საჯარო პასუხი გამოძიების პროცესთან დაკავშირებით იყო უპასუხისმგებლო და მან ზიანი მიაყენა ქვეყნის იმიჯს. მთავრობის წევრი არ უნდა აკეთებდეს ისეთ ბრალდებებს პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელსაც შეუძლია დააზიანოს ურთიერთობები ჩვენს ევროპელ და ევროატლანტიკურ პარტნიორებთან. მე პირადად ვხედავ ევროატლანტიკურ კურსს, როგორც მშვიდობიანი და გაბრწყინებული საქართველოს ერთადერთ გზას. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მისიის ბირთვი. ჩვენ უნდა განვაგრძოთ წინსვლა და დაუღალავი შრომა, რათა ვემსახუროთ ქართველი ხალხის ოცნებებს. იმედი მაქვს, გესმით, რამდენად ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობას ჩვენს საერთაშორისო მოკავშირეებთან. თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ. მე არ მინდა, რომ ერთი წამით მაინც შეიტანოთ ეჭვი ევროატლანტიკური არჩევანისადმი ჩვენს მტკიცე ერთგულებაში", - მიმართა პრემიერმა დიპლომატებს.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების 50-მდე წარმომადგენელი დაესწრო
მასალის გამოყენების პირობები






