,,კოალიცია ,,ქართული ოცნება“ გარკვეული გაგებით კი დაიშალა, რადგან იგი დატოვა ერთმა პარტიამ, მაგრამ მეორეს მხრივ აშკარა ხდება, რომ იგი პარლამენტში უმრავლესობას არ დაკარგავს. ასე რომ, კოალიციის გარდაცვალებაზე ლაპარაკი ჯერ მაინც ნადრევია. მთელ ამ აურზაურში გამოიკვეთა, რომ ყველაზე ჭკვიანურად რესპუბლიკელებმა ითამაშეს და რომ მათი ჭკვიანი თამაში დაიწყო ჯერ კიდევ 2012 წელს, როცა ისინი ძირითადადა პარლამენტში დარჩნენ და ამით ოთხი წლით გაინაღდეს ხელისუფლებაში ყოფნა. ეს მაშინ, როცა ალასანიას გუნდი მინისტრთა კაბინეტში გადანაწილდა, სადაც მათ ოთხი წლით დარჩენის არანაირი გარანტია არ ჰქონდათ და, როგორც ვნახეთ, ვერც დარჩნენ.
შედეგად მივიღეთ ის, რომ ახლა კოალიციის მიერ უმრავლესობის შენარჩუნება -არშენარჩუნება დამოკიდებულია რესპუბლიკელებზე. ალასანიას პარტია კი ცალკე თამაშს თამაშობს უკვე მერამდენედ. ვნახოთ მათ ეს რამდენად გამოუვათ. პარტიას, რომელსაც ამბიციები აქვს, არ ეყოფა ერთი-ორი პოპულარული ლიდერი, მას ასევე სჭირდება ძლიერი პარტიული ინფრასტრუქტურა თავისი რეგიონული ორგანიზაციებით. ვნახოთ, რამდენად შეძლებენ ამის გაკეთებას თავისუფალი დემოკრატები ახლა - მათ ეს ყველაფერი თავიდან აქვთ გასაკეთებელი. ასევე, ჯერ უნდა ვნახოთ ის რეიტინგი, რომელიც ალასანიას ჰქონდა - იყო ეს მისი თუ უბრალოდ თავდაცვის მინისტრის, ყველაზე პოპულარული სამინისტროს ხელმძღვანელის რეიტინგი“, - აცხადებს შარაშენიძე.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ალასანიას წასვლით კოალიცია ორი კონკრეტული პრობლემის წინაშე დგება. შარაშენიძის თქმით, გაუგებარია რატომ აღმოჩნდა მოულოდნელი ივანიშვილის დასწრება კოალიციის საბჭოზე, მაშინ როცა სტრატეგიულ საკითხებში ივანიშვილის ჩარევა უცხო არ ყოფილა კოალიციის ლიდერებისთვის, მათ შორის ალასანიას გუნდისთვიაც.
,,კოალიციას ალასანიას გუნდის წასვლის შემდეგ ორი დიდი პრობლემა ექნება - ერთი რომ სახეზეა კოალიციის რღვევის პრეცედენტი, მეორეც კოალიციას დააკლდა საკადრო რესურსი და ამ უკანასკნელ დანაკლისს იგი იოლად ვერ შეავსებს. ,,ქართულ ოცნებას“ ახლა რთული პერიოდი უდგას და თუკი უნდა, რომ 2016 წლამდე შენარჩუნდეს, კარი უნდა გაუღოს ახალ კადრებს და არ უნდა ჩაიკეტოს თავის თავში. თუმცა, ასეთი გადაწყვეტილების მიღება მათთვის არ იქნება იოლი (ეს თავის დროზე ვერც ნაცმოძრაობამ ვერ მოახერხა).
რაც შეეხება იმას, რომ პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა რატომღაც ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, რაც ჩემთვის გაუგებარია. მე მგონი, აქამდე დიდად არც მალავდა არავინ, რომ ივანიშვილი სულ მცირე სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტის დროს კოლაიციის საქმეებში პირდაპირ ერეოდა. მართალია, ღია დებატების დროს ოცნების ლიდერები (მათ შორის ალასანიას თანაგუნდელები) ამის პირდაპირ აღიარებას ერიდებოდნენ და იპრანჭებოდნენ, მაგრამ ყველამ ყველაფერი კარდად იცოდა“, - აცხადებს ექსპერტი.
რაც შეეხება განცხადებას კურსის ცვლილების შესახებ, შარაშენიძის თქმით, ამას როგორც ვნახეთ კრიტიკა მოჰყვა როგორც ქართული ოცნების, ასევე ნაცმოძრაობის მხრიდან. ,,დაველოდოთ დანიშვნებს სამინისტროებში და ამაზე მერე ვიმსჯელოთ“, - აღნიშნავს ექსპერტი.
მასალის გამოყენების პირობები






