საგარეო სამქეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მისი უცხოელი კოლეგები საქართველოში მიმდინარე მოვლენებით ინტერესდებიან. მისივე განცხადებით, შიდა პოლიტიკურმა კრიზისმა ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა:
„ის, რომ შიდა პოლიტიკურმა კრიზისმა დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას, ფაქტია. ჩემი ტელეფონი გავსებულია SMS-ებით: ჩემი ყოფილი და მოქმედი კოლეგები მეკითხებიან, რა ხდება საქართველოში. გასაგებია, რომ როდესაც ჩვენს მოკავშირეებს ამდენი კაპიტალი აქვთ დახარჯული ჩვენს ქვეყანაში, ასეთი კრიზისები არავისთვისაა სასიამოვნო.
იმ მანკიერ პრაქტიკაში, რასაც ჩვენ 2012 წლიდან ვუყურებთ, კერძოდ, იმას, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა გაუგებარ ადგილას ყალიბდება, როდესაც მმართველი გუნდიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები მოდის (მაგალითისთვის მოვიყვანოთ ის, რომ „ევრაზიულ კავშირს დიდი ყურადღებით ვაკვირდებით“ და ამავე დროს, გვინდა ნატო–სა და ევროკავშირში შესვლა, ის, რომ „სომხეთის საგარეო პოლიტიკა ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს“, ის, რომ კრემლისთვის თურმე, მისაღებია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება), ამ პოლიტიკურ პირობებში ვინც არ უნდა იყოს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მას უკიდურესად გაუჭირდება მუშაობა“,- განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






