„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის და სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის აზრით „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციაში უნდა დარჩეს.
„თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, კოალიცია უნდა არსებობდეს, იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია სახელმწიფო ინტერესები“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.
ზაქარეიშვილმა კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის ყოფნა დაადასტურა, „კოალიცია „ქართული ოცნების“ გუშინდელ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი განხილვაში ჩართული იყო, თავის მოსაზრებებს გამოთქვამდა და კამათში მონაწილეობდა, ეს საკონსტიტუციო სტრუქტურა, ორგანო არ არის. შეხვედრა შეიძლებოდა, ნებისმიერ ადგილზე გამართულიყო. უმრავლესობისა და მთავრობის შეხვედრა კანონით დადგენილი და სავალდებულო არ არის და მას მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. ივანიშვილი, როგორც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი, შეხვედრას დაესწრო და თავისი ხედვა და პოზიცია ჰქონდა. მან პრემიერობისდროინდელი პოზიციები გაიხსენა და უმრავლესობას, გარკვეულწილად, ანგარიშიც კი წარუდგინა, იმის შესახებ, რა ფესვები აქვს დღევანდელ მდგომარეობას“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






