იმ შემთხვევაში, თუ "თავისუფალი დემოკრატები" კოალიცია "ქართულ ოცნებას" დატოვებს, ორგანიზაციის რაიონული წარმომადგენლების სტატუსი და პოზიციებიც გაურკვეველი გახდება.
როგორც "ნიუპოსტს" აცნობეს ამ ეტაპზე ოზურგეთში ყოყმანობენ-ლანჩხუთსა და ჩოხატაურში კი მხარს ალასანიას უჭერენ.
ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ამავე დროს, ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი კვერღელიძე, აცხადებს, რომ მას ჯერ პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს, ის იმედოვნებს, რომ მისი პარტია, კოალიციას არ დატოვებს, თუ ეს ასე მოხდა, გადაწყვეტილებას პარტიის ლიდერთან, ირაკლი ალასანიასთან გასაუბრების შემდეგ მიიღებს. ადგილზე უმრავლესობის დატოვებას კი გამორიცხავს.
მისი კოლეგა ჩოხატაურიდან, ასევე ჩოხატაურის მუნიციპალური საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვალოდია სიხარულიძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას პარტიის ყრილობის შემდეგ, 8 ნოემბერს, მიიღებს, თუმცა აცხადებს, რომ პარტიაში რჩება, რადგან პარტიას პრინციპებისათვის არ უღალატია. დატოვებს თუ არა ადგილზე უმრავლესობას, ეს ჯერ არ იცის.
ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ელგუჯა ჩხაიძე თავისი კოლეგებისაგან ერთადერთია, ვინაც ადგილობრივ საკრებულოში ფრაქცია ისე დაარეგისტრირა, მის სახელწოდებაში სიტყვა "ქართული ოცნება" გამოყენებულიც არ არის. ლანჩხუთში ფრაქციას ასე ეწოდება "თავისუფალი დემოკრატები", ოზურგეთისა და ჩოხატაურის საკრებულოებში კი ფრაქციებს "ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები" ქვიათ.
"პირველი პარტიაა ეს ჩემთვის, არასდროს არცერთ პარტიაში არ ვყოფილვარ, რა თქმა უნდა თუ რაიმე პრივილეგია მაქვს დღესვე უარს ვიტყვი და ვრჩები პარტიაში, მისი ლიდერების გვერდით", განაცხადა ელგუჯა ჩხაიძემ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ვახტანგ ზენაიშვილი, თავდაცვის სამინისტროში პროკურატურის შესვლას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს პარტიის ლიდერს, ირაკლი ალასანიას.
ზენაიშვილი - "ეს არ არის პოლიტიკური თანამდებობა, ეს თვითმმართველობაა, თუ ვინმეს არ მოვწონვარ შეუძლია გამანთავისუფლოს, მაგრამ მინდა განვაცხადო, ის რომ დღეს, ადგილზე, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, ზაზა ურუშაძეა გამგებელი და მან არჩევნებში გაიმარჯვა, ამაში რა თქმა უნდა მისი წვლილიცაა, მაგრამ ლომის წილი ამ გამარჯვებაში, ჩვენ, "თავისუფალ დემოკრატებს" მიგვიძღვით, ასე რომ, სრული მორალური უფლება მაქვს, ვიყო ამ თანამდებობაზე".
თქვენი განცხადების შემდეგ, არ ფიქრობთ, რომ თქვენზეც დაიწყოს პოლიტიკური ანგარიშსწორება?
"მე კომუნისტების დროსაც არ შემშინებია და მით უმეტეს ახლაც არაფრის მეშინია, გეტყვით ასევე, რომ ის ფაქტი, როცა ლანჩხუთის გამგეობაში დღეს შემოსულია ფინანსური პოლიცია და პროექტებს ამოწმებს, დიდი ეჭვი მაქვს-აქეთკენაა მიმართული. სწორედ წარმატებული პროექტის ირგვლივ აწარმოებს გამოძიებას ფინანსური პოლიცია, რაც მრავლისმთქმელია", განაცხადა ვახტანგ ზენაიშვილმა.
გურია- თეა იოსელიანი
მასალის გამოყენების პირობები






