დღეს დაგეგმილ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იქნება დატოვებს თუ არა „თავისუფალი დემოკრატები“ საპარლამენტო უმრავლესობას.
როგორც ექსპერტი ლევან ალაფიშვილი „ნიუპოსტთან“ საუბარში განმარტავს, თუ ალასანიას პარტია უმრავლესობას დატოვებს მთავრობას აღარ ექნება პარლამენტის მხარდაჭერა. ასევე, პარლამენტის ცალკე აღებული ვერც ერთი ჯგუფი, როგორი მრავალრიცხოვანიც არ უნდა იყოს, ვერ შეძლებს ორგანული კანონის მიღებას.
„დღევანდელი პოლიტმოცემულობის პირიბებში, თუკი მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს თავისუფალმა დემოკრატებმა ეს ნიშნავს, რომ: მთავრობას აღარ ექნება პარლამენტის (სიითი შემადგენლობის უმრავლესობის) მხარდაჭერა, პარლამენტში აღარ იარსებებს საპარლამენტო უმრავლესობა (სიითი შემადგენლობის ნახევარი მაინც), პარლამენტის ცალკე აღებული ვერც ერთი ჯგუფი, როგორი მრავალრიცხოვანიც არ უნდა იყოს, ვერ შეძლებს ორგანული კანონის მიღებას (სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი), პარლამენტის ერთი რომელიმე ჯგუფი ვერ შეძლებს ბიუჯეტის მიღებას (სიითი შემადგენლობის უმრავლესობა), რომელიმე, მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა შეიძლება მოახერხოს კანონის (პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა) მიღება, მაგრამ მანამდე მოუწევთ პლენარული სხდომის უფლებამოსილების ქვორუმის მოგროვება, რაც პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენს“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
ამას გარდა, დღევანდელი უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის და უმცირესობის ლიდერის დავით ბაქარაძის პოსტიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
„დავით საგანელიძე რჩება პოლიტსავარძლის გარეშე, უმრავლესობის არასებობის პირობებში აღარ იარსებებს უმცირესობაც, შესაბამისად პოლიტსავარძლის გარეშე რჩება დავით ბაქარაძეც, უმრავლესობა-უმცირესობის არარსებობის პირობებში პირველ რიგში საპარლამენტო თანამდებობები და ქვოტები უნდა გადაიხედოს და ბევრი კომიტეტის თავმჯდომარე თუ მოადგილე შეიძლება შეიცვალოს, უმრავლესობა-უმცირესობის არარსებობის პირობებში პარლამენტის ხელმძღვანელობის საკითხიც ხელახალი განხილვის საგნად იქცევა, ამას ემატება მისაღები ბიუჯეტი, მხარდაჭერაშერყეული მთავრობის საკითხი, ამ მთავრობის მიერ წლევანდელი ბიუჯეტის შესრულების საკითხი ... მოკლედ, "დიდ შარში ვართ", - ამბობს ალაფიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






