კახი კალაძე არ გამორიცხავს, რომ თანამდებობები სხვა მინისტრებმაც, კერძოდ მაია ფანჯიკიძემ და თეა წულუკიანმაც დატოვონ, ამის შესახებ განცხადება ვიცე პრემიერმა გადაცემა "არჩევანში" გააკეთა. თუმცა კალაძის აზრით, არ არის საჭირო მოვლენებზე გასწრება, კალაძე აცხადებს რომ კოალიციის დაშლაზე და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ლაპარაკი ნაადრევია.
კალაძემ კომენტარი ირაკლი ალასანიას ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებაზეც გააკეთა : "ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო ირაკლი ალასანიას ბრიფინგი და მისი განცხადება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, მითუმეტეს ჩვენ შეთანხმებულები ვიყავით, როდესაც ის ჩამობრძანდა მივლინებიდან, რომ პოლიტიკური განცხადებები არ გაგვეკეთებინა, იმიტომ რომ ყველას ინტერესებში იყო გაგვერკვია სიმართლე.
თვითონ ფორმას რაც შეეხება, რომ მინისტრი მივლინებაში იყო და მაშინ მოხდა დაკავება, ეს ფორმა შეიძლება მიუღებელი იყოს, მაგრამ პრემიერის ან კონკრეტული მაღალჩინოსნის მხრიდან მითითება პროკურატურისადმი, როდის უნდა განახორციელონ საგამოძიებო საქმიანობები მიუღებელია. ალასანიას განცხადება პირადად ჩემთვისაც საწყენი და შეურაცხმყოფელი იყო.“- განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






