საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. დავით უსუფაშვილმა შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ სიმბოლურია, რომ დიპლომატიის დღე თბილისის საკრებულოს განახლებულ შენობაში, ცნობილი ქართველი მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეზე აღინიშნება.
„ნიშანდობლივია, რომ დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ამ განახლებულ შენობაში, სადაც ბევრი ისტორიული მოვლენა, ფაქტი მოხდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ ეს დღე ეძღვნება დიდი ქართველი მოღვაწის, არა მხოლოდ დიპლომატის, არამედ განმანათლებლის და საქართველოს ისტორიაში ძალიან დიდი მოვლენის - სულხან საბა ორბელიანის სახელს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და საზოგადოებას შეახსენა, რომ ორი კვირის წინ პარლამენტის შენობასთან, ბრიტანელი დიპლომატის, ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერი გაიხსნა. „სწორედ დიპლომატმა ოლივერ უორდროპმა ინგლისურად თარგმნა ქართველი დიპლომატის და მოღვაწის , სულხან-საბა ორბელიანი ნაწარმოებები და ასე გადაწყვიტა გაეცნო საქართველო სხვა ქვეყნებისთვის, სხვა ერებისთვის. ეს არის, ჩემი აზრით, დიპლომატიური საქმიანიბის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. „ჩვენ, ქართველებს, ძალიან კარგად გვესმის , რომ თქვენს გარეშე, შესაძლოა, სახელმწიფოებრიობაც კი ვერ შეგვენარჩუნებინა . ვერ შეგვენარჩუნებინა იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც ყოველდღიურად, დიდი ყურადღებით ადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ადეკვატურ ინფორმაციას, შეფასებას, ანალიზს აწვდიდით თქვენს მთავრობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთა პოზიცია იყო და რჩება ესოდენ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის“, - მიმართა დავით უსუფაშვილმა დიპლომატებს. მისივე თქმით, საქართველომ გამოიარა ისეთი პერიოდებიც, როდესაც ოპოზიციონერთა ფიზიკური უსაფრთხოება უცხოელი დიპლომატების მუშაობაზე იყო დამოკიდებული. „იმ ვითარებაში, როდესაც საქართველო მყარად უკვე დაადგა ევროპული ინტეგრაციის გზას, რა თქმა უნდა, ქართველი და უცხოელი დიპლომატების მუშაობა და როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული და ეფექტურად მომუშავე დიპლომატიური კორპუსი ჰყავს. „როდესაც მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელს, საზღვარგარეთ მიწევს ყოფნა, ყოველთვის მეამაყება, რომ იქ საქართველოს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც დაუღალავად შრომობენ“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატთა შრომა ხშირად, შეუმჩნეველი რჩება, მათი როლი საკმაოდ მნიშვნელოვანი და სერიოზულია.“ ხშირად მიფიქრია, რა გვეშველებოდა ჩვენ, პოლიტიკოსებს, რომ არ ბრძანდებოდეთ თქვენ - დიპლომატები, ვინ გაასწორებდა იმ უამრავ შეცდომას, რასაც ჩვენ ვუშვებთ ხოლმე, ან გამოსვლებში ან გადაწყვეტილებებში,ვინ მოახერხებდა იმ სირთულეების მოგვარებას, რომლებიც ხშირად ემოციური მოქმედებების თუ განცხადებების შედეგად იბადება ხოლმე. თქვენ ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ როლს ასრულებთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ რაც დრო გავა, ჩვენ მეტი საერთო წარმატებების ზეიმს შევძლებთ ერთად და მე მინდა, მეტი ჩვენი თანამემამულე დაეუფლოს ამ მნიშვნელოვან, საპატიო და საინტერესო პროფესიას“, - მიმართა დამსწრეთ დავით უსუფაშვილმა.
დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დავით უსუფაშვილთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






