„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ირაკლი ალასანიას და საქართველოს ხელისუფლებას, პარტიის სახელით კითხვა დაუსვა. ბაქრაძის განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და საზოგადოებას აინტერესებს, თუ ვინ ებრძვის საქართველოს ევროინტეგრაციას:
„უაღრესად საგანგაშოა ის, რაც დღეს მოვისმინეთ თავდაცვის მინისტრისგან. ის, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი არსებობს და პროკურატურა პოლიტიკური ამოცანებისთვის გამოიყენება. ჩვენი საზოგადოებისთვის ახალი არ არის და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ დღეებში. არც ის არის ახალი, რომ მმართველ კოალიციაში სერიოზული კრიზისი და ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ამ ყველაფერში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით.
ახალი და საგანგაშო, რაც დღეს მოვისმინეთ, გახლავთ ის, რომ თავდაცვის სამინისტროზე და თავდაცვის მინისტრზე შეტევა, მისივე სიტყვებით, უკავშირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს და უკავშირდება იმას, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი არ გახდეს. ეს უაღრესად საგანგაშო განცხადებაა და ასეთ შემთხვევაში, პროცესები, რომლის მოწმენიც ვართ ყველა, სცილდება სახელისუფლებო კრიზისის ფარგლებს. სცილდება კოალიციის შიგნით მიმდინარე უთანხმოების, კონფლიქტის ფარგლებს და ეხება ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტურ კითხვას და არჩევანს, იქნება თუ არა საქართველო ევროპის წევრი და ევროპის ნაწილი. ამიტომ, ის რაც მოვისმინეთ თავდაცვის მინისტრისგან, არის უაღრესად საგანგაშო და ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური ძალა, როგორც ამ საზოგადოების ნაწილი, მოვითხოვთ პასუხს თავდაცვის მინისტრისგან, მოვითხოვთ პასუხს მთლიანად ხელისუფლებისგან და მთავრობისგან, ვინ ებრძვის საქართველოს ევროპაში და ნატო-ში გაწევრიანებას? ვინ არიან ის ძალები, ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც შეტევა მიაქვთ თავდაცვის სამინისტროზე იმ მიზნით, რომ საქართველო არ იყოს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი?
იმედი მაქვს, არცერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი არ დაიჯერებს, რომ ამას ბადაშვილის პროკურატურა საკუთარი სურვილით აკეთებს. ასეთი განცხადების შემდეგ, საზოგადოება, ქართული სახელმწიფო ნამდვილად იმსახურებს და ელოდება პასუხს მთავარ კითხვაზე, ვინ ებრძვის საქართველოს ევროპულ მომავალს? ვინ ებრძვის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ხელისუფლება საკუთარი კრიზისის, განხეთქილების თუ უნიათობის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენს ხვალინდელ გეგმას, საქართველოს ევროპულ მომავალს და ჩვენი შვილების უსაფრთხო ცხოვრებას. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, როგორც პოლიტიკურ ძალას და საზოგადოებასაც, სრული უფლება გვაქვს ეს კითხვა დავსვათ და მოვითხოვოთ ამ კითხვაზე პასუხის მიღება თავდაცვის მინისტრისგან და მთლიანად ხელისუფლებისგან“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






