„გუშინ, როდესაც განსაკუთრებულად გამწვავდა სიტუაცია, მე გავაკეთე სპეციალური გამოსვლა, სადაც აღვნიშნე, რომ ადგილი აქვს შიდა კოალიციურ კონფლიქტს და ეს კონფლიქტი შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ ირაკლი ალასანია არის ცხადად გამოკვეთილი პროდასავლური ლიდერი. მისი პარტია საგარეო ვექტორის არის და ალასანიაც გამოკვეთილი ლიდერია ამ მიმართულებით. ჩემი აზრით, დასაშვებია, რომ არ აწყობდეთ ქართული სახელმწიფოს ინტეგრაციული პროცესი ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში და ევროკავშირთან მიმართებაში და ეს დაპირისპირება არ არის გამორიცხული, იყოს ნაკარნახევი, სწორედ ამ აქტიური ქმედებით, ირაკლი ალასანიასა და თავდაცვის სამინისტროს მხრიდან.
დღევანდელი მისი კომენტარი და მისი დაშვება, რომ ეს შეიძლება იყოს პოლიტიკურად მიუღებელი იმ ფონზე, როდესაც თავდაცვის სამინისტრომ ბევრი რამ გააკეთა ნატოში ინტეგრაციის კუთხით, თუნდაც ნატოში ინტეგრაციის გადაწყვეტილება, საწვრთნელი ბაზის შექმნასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ დასაშვებია ეს იყოს პრობლემა დღევანდელი ხელისუფლებისათვის. ის კონფლიქტი, რომელიც დღითიდღე უფრო მწვავდება, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს ამით. ალასანიას განცხადება არ იყო ჩემთვის მოულოდნელი. ძალიან კარგია, რომ ჩვენი აზრი ერთმანეთს დაემთხვა, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ რაღაც ამდაგვართან გვაქვს ადგილი“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას მამუკა კაციტაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავმა უწყებამ თავდაცვის სამინისტროს კიდევ ექვს თანამშრომელს ბრალი წაუყენა. თავად უწყების ხელმძღვანელი აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკურ ზეწოლას უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები






