მთავარი პროკურატურის ბრალდებას "ქართული კვების კომპანიის" დირექტორი ეხმაურება. მირანდა მანჯგალაძის განცხადებით, კომპანიის მუშაობა მიმართული იყო და არის კვების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
მისივე თქმით, აღნიშნულმა სტანდარტებმა შემოწმება გაიარა როგორც ჯანდაცვის სამინისტროში, ასევე სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
„ის მუშა ჯგუფი, რომლის პროექტის ხელმძღვანელიც ვიყავი, ორიენტირებული იყო კვების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ეს გულისხმობდა, როგორც კვების, ასევე საკვების მენიუს მრავალფეროვნებას და მიწოდების მხრივ სერვისის გაუმჯობესებას. ჩვენ ვიცით, რომ სანიტარული ნორმები 2006 წლიდან ექსპრეზიდენტს გაუქმებული აქვს. შესაბამისად, ნატოს სტანდარტებისა და საქართევლოში მოქმედი კანონდებლობით, მოხდა სტანდარტების ჩამოყალიბება. პირველადი შეფასება გაიარა ჯანდაცვის სამინისტროში და სურსათის ეროვნულ სააგენტოში. ეს სტანდარტი, რომელიც 154 გვერდს შეიცავს, გვაქვს დადებული და ამით იქნება ყველანაირი ხელმძღვანელობა კვების დაგეგმარებასთან დაკავშირებით,“-განაცხადა მირანდა მანჯგალაძემ „მაესტროსთან“ საუბრისას.
პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს კიდევ ექვსი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა. პროკურატურის ინფორმაციით, სამინისტროს მოქმედი თანამდებობის პირებმა და სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი უზრუნველყოფის განმახორციელებელი შპს „ქართული კვების კომპანიის“ მენეჯერებმა გამოიჩინეს სამსახურეობრივი გულგრილობა, რის შედეგად ადგილი ჰქონდა სამხედრო მოსამსახურეთა მასობრივ დაავადებას.
მასალის გამოყენების პირობები






