ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ევროპარლამენტის დეპუტატთა ნაწილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლებიც საქართველოს მთავრობისგან ოპონენტების პოლიტიკური დევნის შეწყვეტას მოითხოვენ.
მისი თქმით, ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები ჩვეულებრივი დამნაშავეები არიან და ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება.
„არ მგონია „სახალხო პარტიაზე“ იყოს დამოკიდებული ყველაფერი ევროპაში. იცით ევროპულ ქვეყნებს ჩვენთან მიმართებაში როგორი დამოკიდებულებაც აქვთ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ უახლოეს მომავალში გახდეს იმ დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. რაც შეეხებათ ყოფილ მაღალჩინოსნებს, ისინი არიან ჩვეულებრივი დამნაშავეები. თუ ჩვენ მათ დანაშაულზე თვალს დავხუჭავთ, მაშინ არ გამოვრიცხავ, რომ დღეს, ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც ანალოგიური გააკეთონ ჩვენმა მაღალი თანამდებობის პირებმაც. კანონის წინაშე ყველა ერთია“, - განაცხადა კალაძემ.
ევროპის სახალხო პარტიამ საქართველოს ხელისუფლებისგან პოლიტიკურ დევნაზე უარის თქმა მოითხოვა.
მასალის გამოყენების პირობები






