საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხელ სააკაშვილს შესაძლოა სულხან მოლაშვილის საქმეზე ბრალი დაუმძიმდეს. ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს.
„თუკი იქნება ამ მიმართულებით მუშაობა, მზად ვარ, დავდო სათანადო მტკიცებულებები, რომ პროკურატურის ბევრი მაღალჩინოსანი სრულებდა პოლიტიკურ შეკვეთას. პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში, ეს პირები მარტივად დაასახელებენ, რომ ამ პოლიტიკური შეკვეთის ავტორი იყო პირადად მიხეილ სააკაშვილი“, - აცხადებს გამოცემასთან საუბარში კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი.
როგორც იურისტები განმარტავენ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ მიხელ სააკაშვილს მოლაშვილის საქმეზე ბრალი წარედგინოს.
როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბარში მოლაშვილი აცხადებს, სააკაშვილის გარდა სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე უზენაესი სასამრათლოს თავმჯდომარეს დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდებს.
„როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე წინასწარ ეუბნება მოსამართლეებს, რომლებსაც ჩემი საქმე უნდა განეხილათ, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ უკვე გამოტანილი განაჩენი დასაბუთებულია და მას წყალი არ გაუვაო, ეს უკვე ნიშნავს პირდაპირ მითითებას, რაც ევროსასამართლომ მიიჩნია უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად. ერთის მხრივ, ეს არის მოსამართლეების საქმინობაში ჩარევა და მეორეს მხრივ, მოსამართლეების დამოუკიდებლობის შეზღუდვა. კონსტიტუციის დარღვევა, ისეთი თანამდებობის პირის მიერ, როგორიც არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ამ უკანასკნელის იმპიჩმენტის საფუძველი ხდება“, - აცხადებს მოლაშვილი.
„სულხან მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - ამ სახელწოდებით საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 10 წლის განმავლობაში იხილავდა. რამდენიმე დღის წინ საბოლოო ვერდიქტი გამოქვეყნდა. სასამართლომ სულხან მოლაშვილი ევროპული კონვენციის 4 მუხლით გაამართლა. ხელისუფლება თანხმობას აცხადებს გამოძიების ხელახლა ჩატარებასა და სამი თვის ვადაში, მოლაშვილისთვის კომპენსაციის სახით 20 000 ევროს გადახდაზე.
მასალის გამოყენების პირობები






