პარლამენტის თავმჯდომარემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული დე ფაქტო რეჟიმების და რუსეთს შორის ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედება ადეკვატურია, თუმცა ქვეყანა უარესისთვისაც უნდა იყოს მზად.
"ხელისუფლების რეაგირება იყო სრულიად დროული და ადეკვატური, ჩვენ წინასწარ აჟიოტაჟს ვერ ავტეხდით იმაზე, რაც ჯერ არ იყო გაცხადებული, ის რომ რუსეთს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აქვს ოკუპირებული და დე ფაქტო მართავს ამ რეგიონებს ეს სიახლე არავისთვის არ არის, რაც შეეხება ამ რეგიონების ე.წ ხელშეკრულების პროექტს ამაზე იყო სრულიად ადეკვატური რეაქციები, პრეზიდენტის,პრემიერის,პარლამენტის მხრიდან, დავსახეთ კონკრეტული გეგმა რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით მომზადდა და ხორციელდება მთელ მსოფლიოში, მთავარი მექანიზმი ამ პროცესების შესაჩერებლად არის საერთაშორისო მექანიზმი, ჩვენ იარაღით ამას წინ ვერ აღვუდგებით,"- ამბობს უსუფაშვილი.
უსუფაშვილის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის თავისუფლების და ინფორმირებულობის ხარისხი არ არის ადეკვატური, იმისთვის რომ ამ ტიპის საფრთხეებს გაუმკლავდეს,
"ძალიან კარგად გამოზომილი და გააზრებული ნაბიჯების გადადგმა გვმართებს, არ არის სწორი იმ ტიპის დემარშები რომ აღარ დაველაპარაკებით კარასინს, აღარ გავაგზავნით ქართულ ღვინოს რუსეთში და ეს იქნება ბერკეტი რის გამოც რუსეთი თავს შეიკავებს ? ეს არ იქნება ბერკეტი. ბერკეტი არის სხვა. ის გადაწყვეტილების მიმღები პირები, ვისაც დღეს აქვთ ასე თუ ისე გავლენა რუსეთზე და მის ხელმძღვანელობაზე, მათი მეშვეობით უნდა მოხდეს ამ პროცესების მართვა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
„ჩვენ უნდა ვიყოთ მზად უარესისთვისაც, რადგან ფაქტია, რომ აფხაზეთის მოსახლეობას არ ჰყავს იმ ტიპის ხელისუფლება რომელიც პირველ რიგში აფხაზეთზე იფიქრებდა და მერე რუსეთის დავალებებს შეასრულებდა.იქ ცოტა სხვა ვითარებაა და ამიტომაც ამისთვისაც ჩვენ მზად უნდა ვიყოთ"-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ .
მასალის გამოყენების პირობები






