თავდაცვის მინისტრმა საკუთარი უწყების მაღალჩინოსნების დაკავების შესახებ კომენტარი აეროპორტში გააკეთა, ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების უდანაშაულობაში დარწმუნებულია, მისი განმარტებით, შესყიდვების პროცესს თავად აკვირდებოდა და იცის, რომ ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაში კეთდებოდა.
"მთავარი, რაზეც კონცენტრირებული უნდა ვიყოთ, არის ის, რომ ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი. ამას სჭირდება გამჭვირვალე გამოძიება. მე დარწმუნებული ვარ ჩემი თანამებრძოლების, ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში იმიტომ, რომ მე ვაკვირდებოდი შესყიდვების პროცესს და ვიცი, რომ ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაში კეთდებოდა. თუმცა, რადგან შეკითხვები გაუჩნდა ვიღაცას, ამას უნდა გაეცეს პასუხი," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ირაკლი ალასანიას თქმით, მთელი უწყება მოწადინებულია, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საზოგადოებამდე მივიდეს სრული ჭეშმარიტება.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.
მასალის გამოყენების პირობები






