საკრებულოს გადაწყვეტილებით მერიის მოხელეთა ტესტირებაზე ვიდეოგადაღება არ დაიშვება. „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით მოწვეულ რიგგარეშე სხდომაზე, მერიის ატესტაციის ვიდეოგადაღების შესახებ მათ მოთხოვნას მხოლოდ 8 მომხრე გამოუჩნდა 25-ის წინააღმდეგ.
საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ტესტირების ობოექტურობაში ეჭვი ეპარება. ისინი ატესტაციის მეორე ეტაპზე ვიდეო გადაღების დაშვებას ითხოვდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას მხარდამჭერები საკრებულოს სხვა ფრაქციებშიც გამოუჩნდნენ. საკითხის განხილვისას დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ისიც კი თქვა, რომ მას ვერასდროს წარმოედგინა, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას გაიზიარებდა. „დღეს რაღაც კალენდარული დღე მაქვს,“ - აღნიშნა ელისაშვილმა და ღია მხარდაჭერა გამოხატა.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის დავით ზურაბიშვილის თქმით კი, პროცესს უკვე მიადგა ჩრდილი და კომისიებში თუ არ იქნება ოპოზიცია წარმოდგენილი, ატესტაციის ლეგიტიმურობაზე მუდმივად იქნება საუბარი.
მერიაში ატესტაცია ხვალ ჩატარდება. ის ორ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპი ტესტირებას მოიცავს, მეორე ეტაპი - გასაუბრებას.
მასალის გამოყენების პირობები






