აღმწერები სპეციალური კითხვარების მეშვეობით მიიღებენ ინფორმაციას შინამეურნეობისა და მის შემადგენლობაში მყოფი თითოეული წევრის შესახებ. აღსანიშნავია, რომ აღწერა, თავისი მასშტაბითა და შინაარსით, წარმოადგენს უნიკალურ საინფორმაციო წყაროს, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ. აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საცხოვრისების შესახებ.
საქართველოში სასოფლო-სამეურნეო აქტიურობა და პროდუქციის წარმოება ძირითადად ხორციელდება შინამეურნეობების სექტორში და ამასთან ერთად, საქსტატი ეყრდნობა რა გაეროს 2010 წლის აღწერების რაუნდისათვის შემუშავებულ რეკომენდაციებს, დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, მოსახლეობის აღწერის ჩატარებისას (5-19 ნოემბრის პერიოდში) სოციალური და დემოგრაფიული სახის მონაცემებთან ერთად, სპეციალური კითხვარის მეშვეობით, აგროვებს ასევე ინფორმაციას შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო-აქტიურობის შესახებ. კითხვარის მეშვეობით მიიღება მონაცემები შინამეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწის სტრუქტურის, პირუტყვისა და ფრინველის სულადობის, გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუნიციპალიტეტების, ტერიტორიული ერთეულების და სოფლების დონეზე.
,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, აღწერის შედეგად მოპოვებული ინდივიდუალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გამჟღავნებას. რესპონდენტის შესახებ ინდივიდუალური მონაცემები ინახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს ყველა მოქალაქე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია გაიაროს აღწერა.
ნოემბრის თვეში ამინდის შესაძლო გაუარესების გამო, მესტიის, ყაზბეგის, დუშეთის (გუდამაყრის, ქვეშეთის, ხევსურეთის, უაკანაფშავის, შატილის, მაღაროსკარისთემები) და ახმეტის (ომალოსთემი) მუნიციპალიტეტების მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის აღწერა განხორციელდა 2014 წლის 15-29 სექტემბერს.
მოსახლეობის აღწერის პირველადი მონაცემები 2015 წლის აპრილში,ხოლო საბოლოო შედეგები 2016 წელის აპრილში გამოქვეყნდება.
მასალის გამოყენების პირობები






